გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს 26 მაისს ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალავენ

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენებენ და 26 მაისს ქვეყნის ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

ამის შესაბ ინფორმაციას ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია ავრცელებს.

“ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია სიხარულით გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, საქართველოს ჯარების მთავარსარდალი, გენერალი გიორგი კვინიტაძე საქართველოში ბრუნდება!

18 მაისს, 17 საათზე,  პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიაში ეკლესიის წინამძღოლი მამა არჩილ დავრიშაშვილი გიორგი კვინიტაძის  სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის, საფრანგეთის ემიგრაცია გამოემშვიდობება გენერალს, რომლის ნეშტს საქართველოში გადმოასვენებენ.

საქართველოში ჩაბრძანდებიან გენერალ გიორგი  კვინიტაძის შთამომავლები, რომლებიც გენერლის ქამარ-ხანჯალს გადასცემენ საქართველოს სახელმწიფოს.

ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემიისთვის ცნობილია, რომ 24-25 მაისს,  სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოკუპაციიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, გენერალი გიორგი კვინიტაძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში”, – წერია განცხადებაში.

გიორგი კვინიტაძე საქართველოს დემოკრატიული ძალების გენერალი და უკანასკნელი მთავარსარდალი იყო, რომელიც 1921 წელს ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს წითელი არმიის წინააღმდეგ.

https://tabula.ge/ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share