საფრანგეთში ბენია ჩხიკვიშვილი ნიკოლოზ ჯაყელთან ერთად სოფელ ლევილ-სიურ-ორჟის, საქართველოს დევნილი მთავრობის ადგილსამყოფელის ფორმალური მეპატრონე გახდა.
უამრავი მითქმა-მოთქმა და ჭორი ტრიალებდა ლევილის მამულის შეძენის თაობაზე, თითქოსდა საქართველოს მთავრობამ გატანილი ქართული საგანძურის ნაწილი გაყიდა და ამით იყიდა ლევილი. სინამდვილეში, დოკუმენტების მიხედვით, მთავრობამ თან გაიტანა ფინანსათა სამინისტროს, ხაზინისა და სახელმწიფო ბანკის ქონებაც – 112 ყუთი ოქრო-ვერცხლი. სწორედ ამის გაყიდვის შემდეგ იქნა შესყიდული ლევილის მამული 130 ათას ფრანკად და არა ჩვენი მატერიალური კულტურის ძეგლების გაყიდვით (ეს გადავამოწმე ნორმალურ ისტორიკოსებთან).
შემორჩენილია დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია თუ რა ნივთებს ფლობდა ჩხიკვიშვილი საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში : მაგიდა – 2; დივანი – 1; საწოლი – 1; კარადა – 1; კომოდი – 1; სავარძელი – 1; სკამი – 4; საკიდი – 1; ,,ეტაჟერკა” – 1; მატრაცი – 1; ლეიბი – 1; ზეწარი – 4; ბალიშის პირი – 4; პირსახოცი – 3; საბანი – 1; პატარა საბანი – 1; საზაფხულო საბანი – 1; მუთაქა – 1; სარკე კედლის – 1; დივანზე გადასაკრავი – 1; სალამანდრა (?) – 1; სანაგვე ვედრო – 1; ნავთის ლამპა – 1; ნოხი – 6; ფარდაგი – 1. ამ ჩამონათვალიდანაც კი ჩანს რომ საქართველოს განძეულობის გაყიდვით როგორ იხეირეს სოც-დეკებმა და მათ შორის ბენიამ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ როცა გურიის რესპუბლიკასა და დემოკრატიულ რესპუბლიკაზე ვწერ, ადამიანებს ის კი არ აღიზიანებთ სინამდვილეში, რომ ისინი მარქსისტები იყვენ, არამედ ის რომ უმრავლესობა გურული იყო, რომ პირველი დამოუკიდებელი გამოსვლა მეფის რუსეთის წინააღმდეგ გურიაში მოხდა და რომ ეს ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იყო 1918-21 წლების რესპუბლიკისა.