ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის კარი სახალხო დამცველისთვის დღემდე ჩარაზულია. ომბუდსმენი იქ ჩვენი, საზოგადოების თვალი და ყური უნდა იყოს. შესაბამისად, თვეებია ჩვენ ვერ ვხედავთ რა ხდება იქ, სადაც ჩვენი ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი მოქალაქეები, ბავშვები ცხოვრობენ. მიტროპოლიტ სპირიდონს არ სურს, შევიხედოთ პანსიონში, საიდანაც ცუდი ხმები და კიდევ უარესი ამბები გამოდის – სამაგიეროდ ის კარს უხსნის ყველაზე ცუდი რეპუტაციის ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში.
სახალო დამცველის არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, მისცენ მონიტორინგის ჯგუფს კანონით გათვალისწინებული ვიზიტის უფლება, ამ საკითხზე სახელმწიფო სამარცხვინოდ დუმს. მთავარი კითხვა კი ის არის, თუ რა არის ოცნების ხელისუფლების უმოქმედობის მიზეზი, როცა მღვდელმთავრის ამ საეჭვო გაჯიუტებამ, ბავშვების ზიანს რომ თავი დავანებოთ, სერიოზული საერთაშორისო სკანდალიც შეიძლება გამოიწვიოს.
ხელისუფლება, რომელიც მზად არის სცემოს, დაარბიოს, თვალები დათხაროს და უხეში ძალით ჩაახშოს მის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი წინააღმდეგობა თუ პროტესტი, იმასაც ვერ ახერხებს, რომ გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის მოთხოვნის შესაბამისად მთავარეპისკოპოს სპირიდონის თავნებობა აღკვეთოს.
საკითხი მარტივია – ჩვენი ბავშვები ძალაუფლებას, პოლიტიკას და რაც მთავარია, არჩევნებს ეწირებიან. დღეს უკვე საგრძნობლად დასუსტებული ოცნება, რომელსაც ადგილობრივ არჩევნებზე სერიოზული გამოცდის ჩაბარება უწევს, ამ გამოცდისთვის მზად ნამდვილად არ არის. ამას ემატება პოლიტიკურ ველზე ახალგამოჩენილი კონკურენტებიც გახარიასა და ვასაძის სახით, რომელთაც ოცნებისთვის ამომრჩევლის გარკვეული ნაწილის წართმევა შეუძლიათ. რაც მმართველი ძალის ამოცანას, გადალახოს 43 პროცენტიანი ბარიერი, უკიდურესობამდე ართულებს.
ამიტომაც, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ოცნების ლიდერები, უმცირესობებთან და საქართველოს სუვერენიტეტთან მებრძოლ მეუფე სპირიდონთან თუ პოლიტიკაში მარადიულად მომსვლელ მეუფე იაკობთან მიმართებაში დუმილს არჩევენ.
მიზეზი მარტივია – ოცნებას ეშინია. ეშინია იმის, რომ საკუთარი მხარდამჭერების მორიგ სეგმენტს გაანაწყენებს, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთობლიობაში, მათი ძალაუფლებაში ყოფნის დასასრულის დასაწყისი შეიძლება გახდეს.
ჰოდა, რაც დრო გადის, მმართველი პარტია სულ უფრო მზადაა ყველაფერზე წავიდეს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის და მეტად ჩართოს ამ ბრძოლაში ყველა შესაძლო არაფორმალური ჯგუფი თავისი გავლენებით.
მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, ვინ იქნებიან ისინი: კრიმინალური ავტორიტეტები, საპატრიარქოს შიგნით არსებული ჯგუფები თუ ადგილობრივი ოლიგარქები. და რაც უფრო ღრმად შედის ხელისუფლება თვითგადარჩენის ამ ბრძოლაში, მით უფრო მეტი ძალაუფლებისა და უკანონო პრივილეგიების გადანაწილება უწევს ამ არაფორმალური ჯგუფებისთვის.
მნიშვნელობა აღარც იმას აქვს, რა დევს სასწორზე და რის ფასად მიიღებენ სასურველს.
შედეგად ნელ-ნელა მივდივართ კონდიციამდე, როდესაც სახელმწიფო საკუთარ ფუნქციას სრულფასოვნად ვეღარ ასრულებს, კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდი ხდება, ხოლო ინსტიტუტები ვეღარ მუშაობენ, რითაც, ბუნებრივია, პირველ რიგში სახელმწიფო იდეას და ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს ადგება გამოუსწორებელი ზიანი, თუმცა ამავე დროს ხდება საპატრიარქოსა თუ იმ მნიშვნელოვანი ინსტიტუტების მორალური და ინსტიტუციური რღვევა, რომლებსაც ეს არაფორმალური ჯგუფები წარმოადგენენ ან დროთა განმავლობაში მათ ფუნქციებს ითავსებენ.
ამ უკანასკნელზე კი ოცნების ხელისუფლება ნაკლებად დარდობს. ყველაფერი ხომ ნებადართულია, თუ არაფორმალური მმართველის ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში ძალიან მალე გავცდებით უკან მობრუნების იმ საბედისწერო წერტილს, რომლის იქითაც ხელისუფლება ვეღარ მოახერხებს მოძლიერებული არაფორმალური ჯგუფების მართვას და შედეგად მივიღებთ არშემდგარ სახელმწიფოს, სადაც არა მხოლოდ ინსტიტუტები ვერ ფუნქციონირებენ, არამედ მათ უკვე არაფორმალური ჯგუფები აკონტროლებენ. დავკარგავთ ყველაზე ძვირფასს – სახელმწიფოს, რომელიც, პირველ რიგში, სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ ნებისმიერ ჩვენგანთან ერთად, საზოგადოების ყველაზე სუსტი და მოწყვლადი წვერები – ბავშვები და მოხუცები დაიცვას.
და ჩვენ დავკარგავთ მომავალსაც, პირდაპირი მნიშვნელობით!