1-ელი ივლისიდან დენის ქვითარს კომპანია თელმიკოსგან და ეპი ჯორჯიასგან მიიღებთ

2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოსახლეობა დენის ქვითარს ახალი კომპანიებისგან მიიღებს, თბილისის მცხოვრებლები ქვითარს კომპანია “თელმიკოსგან”, ხოლო რეგიონების მაცხოვრებლები კომპანია “ეპი ჯორჯიასგან” მიიღებენ.

ცვლილება ქვეყნის ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმითაა გამოწვეული, რომლის მიხედვითაც, კანონით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები. აქამდე დენის მიწოდებასაც და განაწილებასაც ერთი და იგივე იურიდიული პირი უზრუნველყოფდა, ახლა კი ეს საქმიანობა გაიმიჯნა. სწორედ ამიტომ, “თელასმა” და “ენერგო პრო ჯორჯიამ” დააფუძნეს ახალი კომპანიები, რომლებიც უშუალოდ დენის მიწოდების საქმიანობას განახორციელებენ.

რეფორმამ ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენცია უნდა წაახალისოს. რეფორმის მიხედვით, ახლად შექმნილ კომპანიებს უნივერსალური გამანაწილებლის სტატუსი მიენიჭებათ, რომლებიც ელექტროენერგიას ფიქსირებულ ფასად, დადგენილი ტარიფით მიაწოდებენ მომხმარებლებს.

“პირველი ივლისიდან ელექტროენერგიის მიწოდება აღარ იქნება 2 კომპანიის ხელში, როგორც ეს იყო აქამდე, საქმე ისაა, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა, მიწოდება არ გახლავთ მონოპოლიური საქმიანობა, განსხვავებით ქსელური მომსახურებისგან, როგორიცაა ელექტროენერგიის გადაცემა-განაწილება, თუმცა, დღეის მდგომარეობით, მოგეხსენებათ, რომ ეს ორი საქმიანობა არის ერთ კომპანიაში მოქცეული და აუცილებელი გახდა იმ ვალდებულებისგან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ვგულისხმობ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას და ასევე, გავწევრიანდით ენერგეტიკულ თანამეგობრობასთან, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაცალკევოთ ეს კომპანიები.

ელექტროენერგიის ვაჭრობისა და მიწოდებისთის, იმის გარდა, რომ ეს კომპანიები არსებობენ, უნდა შეიქმნას ბაზარი, ბირჟა და უნდა გახდეს კონკურენტული, აქედან გამომდინარე, კონკურენციის წახალისების მიზნით, ერთი მხრივ, აუცილებელია, რომ იყოს გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბაზარი, მეორე მხრივ კი, აუცილებელია, რომ მოწყვლადი მომხმარებლები – ფიზიკური პირები და მცირე მეწარმეები იყვნენ დაცულები ბაზრის რყევებისგან. ამ მიზნით შეიქმნა ორი კომპანია, რომელსაც მიენიჭა უნივერსალური მიმწოდებლის სტატუსი და ისინი მიაწოდებენ ელექტროენერგიას ფიქსირებული ფასით, მათ ექნებათ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლების ტარიფი არ გაეზრდებათ”, – თქვა სემეკის კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა.

ფანგანის თქმით, ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბაზარზე ახალი კომპანიების გაჩენაა, რამეთუ ბაზარი იქნება ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი, პირველი იანვრიდან ამოქმედდება ელექტროენერგიის ბირჟა, ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმები და იქნება შესაძლებლობები, რომ ელექტროენერგიის ვაჭრობაში ჩაერთონ როგორც ბიზნეს აქტივობაში. ფიზიკურ პირებს კი ექნებათ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ მიმწოდებელი, თუმცა თუ ამას არ გააკეთებენ, ავტომატურად გადავლენ უნივერსალური მიმწოდებლის კალათაში.

“რაც შეეხება სხვა მიმწოდებლებს, ნებისმიერ პირს, ვისაც ექნება სურვილი, რომ ჩაერთოს ელექტროენერგიის ვაჭრობის საქმიანობაში კანონმდებლობა ამის საშუალებას აძლევს, არ არის რთული მექანიზმები, მათ შეუძლიათ დარეგსტრირდნენ მიმწოდებლად და თუ შეეძლებათ, რომ მომხმარებელი მოხიბლონ ფასით ან სხვა პირობებით, მათ ექნებათ უფლებამოსილება, რომ გაყიდონ ელექტროენერგია, ხოლო გამანაწილებელი კომპანიები, “ეპი ჯორჯია” და “თელმიკო”, ვალდებულები არიან, რომ ნებისმიერ მიმწოდებელს მოემსახურონ ერთი და იმავე პირობებით და ფასით”, – თქვა ფანგანმა.

https://tabula.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share