დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელი ვაქცინის ორივე დოზით იქნება აცრილი, შესაძლოა ე.წ. მწვანე სტატუსი მიენიჭოს

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით იქნება აცრილი, შესაძლოა ე.წ. მწვანე სტატუსი მიენიჭოს,  – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძემ აჭარისა და გურიის რეგიონში სამედიცინო ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

„დღესაც და გუშინაც აჭარაში საუბარი გვქონდა ე.წ. „მწვანე დაწესებულებებზე“. ეს ნიშნავს, რომ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სკოლაში თუ რესტორანში, ყველა აცრილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე ასევე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის საკოორდინაციო საბჭო უახლოეს მომავალში გარკვეული შეღავათების საკითხზე იმსჯელებს.

„საუბარია, მაგალითად, კომენდანტის საათთან, მოგზაურობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე. ეს აუცილებელია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share