“გაყიდული მონები ვართ”-ქართველები გერმანიაში კვლავ მძიმე პირობებზე საუბრობენ

სახელმწიფო პროგრამით გერმანიაში დასაქმებული ქართველების ერთი ჯგუფი ფორმულასთან კვლავ ამბობს, რომ შეუსაბამო პირობებში არიან და მიუხედავად დაპირებისა, მათი მდგომაროება უცვლელია.

დასაქმებულების თქმით, სააგენტოს წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ “ყველას გულისთვის ვერ ირბენენ და ფერმებს ვერ შეამოწმებენ”.

“პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, სააგენტოს, რომელმაც ასეთი სიტყვები გაგვცა – მე ვერ ვირბენ ვერავის გულისთვის, რომ ყველა ის ფერმა და ყველა ის ფერმერი შევამოწმო და გავიგო, როგორი მდგომაროება არის იქ, ზუსტად ეს პასუხი გაგვცეს”, – ამბობენ დასაქმებულები.

ისინი ყვებიან, რომ დამსაქმებელი მათ ემუქრება, უყვირის, ისინი კი თავს “გაყიდულ მონებად” გრძნობენ.

“მუქარები არის ყოველდღე, ჩემ მიმართ და ყველა ჩვენგანის მიმართაც… ძალიან ეშინია თუ რას ერიდება, არ გვაძლევს ფოტოს გადაღების საშუალებას. ძალიან აგრესიულად იქცევა იმის შემდეგ, ყვირილი, ფაქტობრივად, პირადად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვართ გაყიდული მონები, იმიტომ, რომ მონებივით გვექცევიან. ჩვენ გვინდა, ეს ფერმა და დამსაქმებელი დავტოვოთ და სხვაგან გადავიდეთ. კიდევ ერთხელ ვითხოვ, მოგვიგვარეთ ეს პრობლემები, სასწრაფოდ”, – ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.

გერმანიაში დასაქმებულ ქართველებზე ვრცელი სიუჟეტი ფორმულას მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, 20:00 საათზე გავა.

მძიმე პირობების შესახებ მათ პირველად 18 მაისს ისაუბრეს. მათი თქმით, შესასრულებელი სამუშაო რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებს. დასაქმებულებმა მაშინ ფორმულას უთხრეს, რომ მათი ხელფასი სამჯერ ნაკლებია, კვება პრობლემაა, საცხოვრებელი პირობები კი არასათანადოა. მათივე თქმით, დახმარებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და გერმანიაში საკონსულს, ჩასვლისთანავე მიმართეს, თუმცა 10 დღეა რეაგირება არ მომხდარა.

მეორე დღეს, 19 მაისს სააგენტომ თქვა, რომ “ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის”.

“ფორმულა”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share