დღეს დიდი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის დაბადების დღეა

დღეს ოტია იოსელიანის დაბადების დღეა. ცნობილი ქართველი მწერალი 1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები. თხზულებებს აქვეყნებდა 1954 წლიდან.

მოთხრობების პირველი კრებული „კარის მეზობლები“ გამოსცა 1957 წელს. ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერდა პიესებსა და კინოსცენარებს. იოსელიანის რომანებში („ვარსკვლავთცვენა“, 1962; „ტყვეთა ტყვე“, „შავი და ცისფერი მდინარე“, 1975) მთავარია ომის თემა. ავტორი ყურადღებას ამახვილებდა ზნეობრივ-ეთიკურ პრობლემატიკაზეც (რომანი „იყო ერთი ქალი“, 1970). იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები „ცხრა მთას იქით“, 1969; „დაჩის ზღაპრები“, 1973; „ცაგამთენია“, 1973 და სხვა). ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე („ადამიანი იბადება ერთხელ“, „როცა სიყვარული მოვა“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“) დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე. ავტორია კინო სცენარებისა „ჩქარი მატარებელი“, „მალე გაზაფხული მოვა“, „თეთრი ქალიშვილი“ და სხვა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

ქართველი მწერალი 2011 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა. იგი წყალტუბოში, საკუთარი სახლის ეზოშია დაკრძალული.

http://www.resonancedaily.com/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share