სამხრეთ აფრიკელი ქალი, რომელმაც 10 ტყუპი გააჩინა, გაუჩინარდა – ქმარი ეჭვობს, რომ მან მოიტყუა და ბავშვები არც დაბადებულან

(რეზონანსი)გასულ კვირას სამხრეთ აფრიკელმა ქალმა, გოსიამე თამარა სიტჰოლმა ტყუპებზე იმშობიარა – მისი მტკიცებით, მსოფლიო რეკორდი მოხსნა და 10 ბავშვი ერთდროულად გააჩინა. ახლა კი, როგორც ირკვევა, ოჯახს ეჭვი ეპარება, რომ ქალმა, საერთოდ, იმშობიარა.

სიტჰოლის ქმარი, ტებოგო ცოტეცი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ქალთან დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ახერხებს – ცოტეცი დარწმუნებულია, რომ ქალი 10 შვილის გაჩენის შესახებ იტყუება. მისი თქმით, გოსიამეს მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებიან, ოჯახის წევრების ნახვისგან კი ქალი თავს იკავებს და არც ის იციან, რომელ კლინიკაში იმყოფება.

მამაკაცის თქმით, გოსიამე მან ბოლოს 7 ივნისს ნახა, ქალი ტკივილის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომდევნო დღეს კი მან WhatsApp-ით ქალის შეტყობინება მიიღო, რომ მან 10 შვილი გააჩინა და მშობიარობაში 4 ექიმი, 2 გინეკოლოგი და 5 ექთანი იღებდა მონაწილეობას. თუმცა, აქვე ახალნამშობიარევი ქალი წერდა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, კაცი შვილების ნახვას ვერ შეძლებდა.

“მოვითხოვე, რომ მამა ვარ და უნდა მომცემოდა შვილების ნახვის საშუალება,” – წერს განცხადებაში ცოტეცი, თუმცა მოთხოვნა მას ამ დრომდე არ დაუკმაყოფილეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაუკავშირდნენ კლინიკას, სადაც, სიტჰოლის მტკიცებით, იმშობიარა და ექიმებმა განაცხადეს, რომ გოსიამეს ბავშვები მათთან არ გაუჩენია. მამამ კი, 10 შვილის ფოტოს ნაცვლად, მხოლოდ ერთის სურათი მიიღო ქალისგან.

ცოტეცმა ამ დრომდე არ იცის, რომელ საავადმყოფოშია მოთავსებული მისი ცოლი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბავშვები ნაადრევი მშობიარობის გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, თავად კი ფსიქოლოგთან კონსულტაციები აქვს ჩანიშნული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share