ჟურნალი “ისტორიანი” აქვეყნებს ლეგენდარული სესილია თაყაიშვილის პირად წერილებსა და ანდერძს, რომლებიც საქართველოს ხელოვნების სასახლეშია დაცული.
გთავაზობთ სესილია თაყაიშვილის სამ მომცრო წერილს, მიწერილს დედისთვის:
* * * “ერთხელ შევეკითხე მძღოლს, რატომ მაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში-მეთქი? იცი, რა მითხრა? როგორ, ჩვენთვის ბედნიერებაა, რომ ჩვენს მანქანაში ჯდებითო. მე ვუპასუხე, ფული ყოველთვის აიღეთ და ერთი თხოვნაა, თქვენ გამასვენეთ-მეთქი. აი, ჩემი სიხარული. ეტყობა, ეს მაძლებინებდა, ამ უბრალო ხალხის დამოკიდებულება. ეს შეიძლება უმნიშვნელო ფაქტია, მაგრამ ამაში ბევრი რამ არის ჩაქსოვილი. უბრალო ხალხი, მშრომელი რომ დაგაფასებს, ეს რასაკვირველია, ბედნიერებაა.
საოცარი დამბადე, დედა, რატომ მერიდება ქების? ვცდილობ იმ წამსვე გადავიტანო ლაპარაკი სხვა თემაზე. თავაღებული გატუტუცებული ქებით არასდროს მივლია აქ, ამქვეყნად. შეიძლება ესეც მიზეზი იყო იმისა, ყველას აბუჩად ასაგდები ვეგონე, იუმორი კი მრავლადაა ჩაქსოვილი ჩემში შენგან. ეს იუმორი რომ არა, ალბათ ვერც მივაღწევდი სიბერემდე, მაგრამ ეს იუმორიც დამღლელი აღმოჩნდა. სხვას რომ არ ვუმხელ, ჩემთვის ვაზროვნებ და მეცინება, ვის გავუზიარო?
ეს პირველი წერილია დედიკო. თუ ვიცოცხლე, ბევრ რამეს გიამბობ. იყავი მშვიდად, შენ თუ გეწერა სიკვდილი, ბედნიერი წახვედი, იმიტომ რომ, შვილები თავს გევლებოდა”.
“ჩემო დედიკო! მაპატიე რომ ვეღარ დავდივარ შენთან. დამნაშავე ვარ, იქნებ მსჯი, დედა! ძალიან მიჭირს, მიშველე თუ იოტისოდენა გიყვარვარ! მიშველე, არ ვიცი, რა დავაშავე, რატომ ვარ ასეთ დღეში. დავიღალე, დედა, დავიღალე. დედა… ცხოვრებამ მომკლა, რატომ შენთან ერთად არ წამიყვანე, რამდენი მაქვს გადატანილი უშენოდ, რომ იცოდე. შემიბრალე დედიკო, გეხვეწები…. შემიმსუბუქე დარდი…. ვიცი, მიგატოვე, არ გაქცევ ყურადღებას, მაგრამ თვითონ მე ხომ ავად ვარ. მიშველე, დედიკო”.
“ჩემო დედა! 1956 წელი 16 თებერვალი. შენ აღარ ხარ. როგორი ძნელი იყო ჩემთვის შენი წასვლა. რა უბედური ვიყავი. ალბათ პირადი ცხოვრება რომ ბედნიერი მქონოდა, იქნებ ასე არ განმეცადა, მაგრამ შენ იყავი ჩემთვის ყველაფერი. შენ ძალიან ჭკვიანი ქალი იყავი. შენ არაჩვეულებრივი დედა იყავი. დიდ გაჭირვებაში გაგვზარდე ჩვენ. როცა გასვენებდით, იყო საშინელი ქარი, ქარბუქი. მოგყვებოდი და ვტიროდი. გემშვიდობებოდი. მინდოდა შენი გათბობა, შენ ალბათ გციოდა, ჩემო დედიკო. სხვა არავინ არ მახსოვს, შენი სახე მახსოვს მარტო, ლამაზი, შავი ხავერდის კაბაში. ოჰ, რა ძნელი იყო ჩემთვის, თითქოს პატარა გავხდი, თითქოს ძუძუ მინდოდა. რაც ჩაგასვენე ცივ მიწაში, იმ დღიდან არ მშორდები. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სულ ჩემს გვერდით ხარ. თითქოს ვეხები შენს სხეულს”.
სესილია თაყაიშვილი 1984 წლის 22 მაისს გარდაიცვალა. მსახიობს თავის ოთახში ეკიდა დედის ფოტო და ზემოთ მოყვანილ წერილებს იმ ფოტოს უკან ინახავდა.
თამარ მაისურაძე-საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი.