“თეა წულუკიანისთვის მემეტება ყველაზე დიდი პოსტი, რაც კი შეიძლება საქართველოში იყოს, სახელმწიფო სტრუქტურაში” – რას ფიქრობენ კულტურის სფეროში მიმდინარე ცვლილებებზე საზოგადოების წარმომადგენლები
რამდენიმე დღის წინ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება, მომავალ მინისტრად კი თეა წულუკიანი მოიაზრება, ამ საკითხზე მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე შედგა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციისა და ორ უწყებად ჩამოყალიბების პარალელურად, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტიც ორ ნაწილად გაიყოფა. განხილვისთვის მზად
კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ ამ ცვლილებებზე kvirispalitra.ge-ს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები თავიანთ მოსაზრებას უზიარებენ.
მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:
– ვფიქრობ, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა, აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ეს სფერო ძალიან დაქვეითდა, რადგან ხელისუფლებებისთვის უფრო პრიორიტეტული სხვა პრობლემები აღმოჩნდა. მესმის, რომ ჭამა-სმა, შრომა, დასაქმება, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფრის ერთ-ერთი საფუძველია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც კულტურაში იყრის თავს და თუ კულტურის დონე დაბალია, ამ შემთხვევაში, ყველაფერი ინგრევა, მათ შორის, პოლიტიკა, რისი მოწმენიც დღეს ვხდებით.
აქედან გამომდინარე, კულტურაზე დაფიქრება აუცილებელია და სწორი გადაწყვეტილებაა, რომ კულტურას დამოუკიდებელი მმართველობა სჭირდება, ასევე, გაცილებით მეტი თანხა და შესაძლებლობები იმისთვის, რომ ხელოვანმა, კულტურის მოღვაწემ იშრომოს, იმუშაოს და საზოგადოებასთან მოხდეს კონტაქტის დამყარება მაღალი დონის ხელოვნების ნაწარმოების მიწოდების საშუალებით.
– დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტშიც შეიქმნება ცალკე კულტურის კომიტეტი.
– ეს არ ვიცოდი, ძალიან კარგია!
– თქვენ რა აზრის ხართ კულტურის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის შესაძლო დანიშვნაზე?
– მივესალმები, რადგან მან ბევრი რამ გააკეთა იმ სამინისტროში, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მხარს ვუჭერ და ვთლი, რომ კულტურისთვის კარგი პერსპექტივა იქნება, თუ ქალბატონი თეა დაინიშნება.
– როგორ ფიქრობთ, რა არის ის, რაც პირველ რიგში უნდა გაკეთდეს? რომელ ნაწილში უფრო უჭირს კულტურას?
– ამისი თქმა რთულია, ხალხი უნდა შეიკრიბოს, ერთიანი კომიტეტი შეიქმნას, რომელიც სტრატეგიულ გეგმას ჩამოაყალიბებს კულტურის აღმოვლობისთვის, ვინაიდან, იმდენი დარგია, ბევრია სამუშაო, რაც, ამავე დროს, დაკავშირებულია განათლებასთან, მაღალი დონის ხელოვნების ნაწარმოებებთან, თეატრთან, კინოსთან, ლიტერატურასთან, არქიტექტურასთან და ა.შ. ამაზე სერიოზული სტრატეგიული გეგმის შემუშავებაა საჭირო.
– პანდემიასაც რომ შევეხოთ, ვხედავთ, რომ ბოლო ერთი წელია, ამ სიტუაციამ კულტურის სფეროც ძალიან დააზარალა, გაჩერდა თეატრები, კინო, კონცერტები…
– აი, სწორედ ახლა მივდივარ შეხვედრაზე და რაღაც იმედი გამიჩნდა, რომ შესაძლებელობა მექნება, ჩემი ფილმის გადაღება გავაგრძელო, ერთი წელია გაჩერებულია ყველაფერი. დავიწყე და ვეღარ ვაგრძელებდი.
– ახლა რა ცვლილებებია?
– იმედი მაქვს, რომ დაახლოებით ორ კვირაში კვლავ გავაგრძელებ გადაღებებს. ამ ეტაპზე, მეტს ვერაფერს გეტყვით.
თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი, პარტიის – “კანონი და სამართალი” ლიდერი:
– მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ქვეყანაში პრობლემაა, რადგან თუ კულტურის მუშაკები, ჩვენი ღვაწლმოსილი ადამიანები იმ მდგომარეობაში არიან, რომ მათ კულტურის მინისტრად შეიძლება თეა წულუკიანი მიიღონ, ეს ფსკერზე მყოფი ჩინოვნიკი, რომელმაც პირადი ინფორმაცია გაასაჯაროვა საკანონმდებლო ორგანოდან და ზუსტად ისე მოიქცა, როგორც კულტურული ადამიანი არ უნდა იქცეოდეს, მაშინ, საერთოდ რაზეა საუბარი? ჩავთვლი, რომ უკულტურო ადამიანებმა დაუშვეს, რომ თავისნაირი მინისტრი ჰყავდეთ. თუ ახლა ამას ნებისმიერი შემოქმედი არ გააპროტესტებს, ჩავთვლი, რომ რისი ღირსებიც არიან, ის მიიღეს.
ეს ის შემთხვევაა, რომლის მოთმენაც აღარ შეიძლება. საკანონმდებლო ორგანოდან წარმოუდგენელი განცხადებები ისმის. ამხელა კულტურის მქონე ქვეყანაში, რა დაგვემართა მართლა? ამისი მოთმენა და მოსმენაც უკულტუროებად წარმოგვაჩენს. ამ აღვირახნილი, ფსკერზე მყოფი ადამიანის კულტურის მინისტრად მოყვანა რომ არ გაპროტესტდეს, ამაზე დიდი სირცხვილი რა იქნება?
ადრე იყო და, იურა მეჩითოვი დაუშვეს კულტურის მინისტრის მოადგილედ და გახსოვთ, რაც თქვა 9 აპრილთან დაკავშირებით. მერე, ბოდიში მაინც მოიხადა. ეს კანონებში აღვირახსნილი ქალბატონი კი ბედავს კულტურას შეეხოს. ამათი დატოვება უკვე ამორალურობაა.
– ის ფაქტი, რომ კულტურა კვლავ ცალკე გამოიყოფა, სამომავლოდ, რამდენად დადებითად აისახება ამ სფეროზე?
– ამასთან დაკავშირებით, ყოველთვის ჩემი ხედვა მქონდა. ისეთ განცხადებას გავაკეთებ, რომელიც ვიცი, ბევრს არ მოეწონება – ამ ტიპის კულტურის სამინისტრო კატასტროფაა, კომუნისტური წარმონაქმნი და ტვირთია, თუ ის არ ასრულებს ფუნქციას, რომ საპროდუსერო ინსტიტუტი მოძლიერდეს, განძად და ოქროდ აქციოს თითოეული შემოქმედი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
კულტურის სამინისტროს აუთვისებელი მილიონები რჩება მაშინ, როცა ხელოვანებს უჭირთ, შემოქმედების გასავითარებლად საჭირო თანხები არ აქვთ. ეს ხომ ნონსენსია? ესე იგი, კულტურის სამინისტროს მენეჯმენტი სწორი გზით არ მიდის. გაუქმებაზე არ ვსაუბრობ, მენეჯმენტი უნდა იყოს რადიკალურად განსხვევებული. კულტურა და სპორტი საერთოდ ცალ-ცალკე უნდა იყოს.
– ცალკე საკითხია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რაც ცალკე დიდ ცოდნას საჭიროებს, სწორად მოვლას, შენახვას, აღდგენას, რესტავრაცია-კონსერვაციას…
– ადრე, ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით, მე შენიშვნები გამოვთქვი და მახსოვს, ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ახლაც იმ აზრზე ვარ. ის ძეგლი დგას, აბა, ახლა გელათს შეხედეთ, ანადგურებენ, სპობენ, საყდრისი ხომ საერთოდ ააფეთქეს.
ერთ ოლიგარქს შესჩერებია მთელი ქვეყანა, მთელი კულტურის მუშაკები ჩამწყვდეული ჰყავს და ხელფასებს ურიგებს… ესეც თუ არ გააპროტესტეს და ყველაფრის ფასი კაპიკი ყოფილა…
“კვირის პალიტრა”