„მომავალი ხელისუფლება კოალიციური ძალებით უნდა იყოს ფორმირებული“ – ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარის და ლიდერების ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. ვიზიტის მეორე დღეს მათ შეხვედრა გამართეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროს წევრთან, სენატორ რონ ჯონსონთან. ასევე სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის წარმომადგენლებთან.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ სენატში გამართულ ორსაათიან შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა პარტიის სამომავლო ხედვები და გეგმები იყო.

„სენატორი ჯონსონი დაინტერესებულია, როგორც კარსმომდგარი არჩევნებით, ასევე რუსეთის გავლენით ჩვენს ქვეყანაში, რეგიონში უსაფრთხოების საკითხებით და იმ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარისხით, რომელიც დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებობს. ჩვენ, რა თქმა, უნდა გვერდს ვერ ავუვლიდით ოლიგარქიულ ხელისუფლებაზე საუბარს და ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით, ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ვაშინგტონში ჩამოდიან, უწევთ საუბარი არა მხოლოდ განვითარებაზე, პროგრესზე, არამედ ოლიგარქიულ რეჟიმზე, რომელიც ბედის უკუღმართობით ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს“. – ამბობს ნიკა მელია.

„ვაშინგტონში ძალიან კარგად იციან იმ ვალდებულების შესახებ, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული და მოელიან, რომ ეს რეფორმების დღის წესრიგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე განხორციელდება, სადაც იმედი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი დამკვირვებელი იქნება“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა.„განცდა, რომ საქართველო საერთაშორისო რუკიდან არის წაშლილი, სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება. ჩვენმა მეგობრებმა დაგვარწმუნეს, რომ ისინი ბოლომდე მოიაზრებენ თავს ქართული დემოკრატიის მხარდამჭერებად“, – ამბობს ამერიკის ხმასთან საუბრისას „ენმ“-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ნონა მამულაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ ის ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს შესახებ სტრატეგიის შექმნაზე მუშაობს.

https://www.radiotavisupleba.ge/

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share