გასულ თვეში, ლანჩხუთში 17 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მან თვითმკვლელობამდე წერილი დაწერა, სადაც წერს, რომ მას აღარ უნდა ასეთი სიცოცხლე.
დედას, ანრისთან ერთად კიდევ ექვსი შვილი სოციალურმა სამსახურმა 7 წლის ჩამოართვა და მიმღებ ოჯახს გადასცა. ხუთი ერთ ოჯახს, ორი კი მეორეს. თითოეული ბავშვის მოვლაში სახელმწიფო მიმღებ ოჯახებს 500 ლარამდე თანხას უხდის, საკუთარ მშობლებს კი შვილები სწორედ იმის გამო ჩამოართვეს, რომ სოციალურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ბავშვების სრულფასოვნად კვება უჭირდათ.
როგორც გარდაცვლილი ბიჭის დედა ‘ნანუკას შოუში” ჰყვება, სოციალური სამსახურის პრეტენზიები თავიდანვე საცხოვრებელი სახლს ეხებოდა: “თავიდან იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს აქ არ იყო ჰიგიენა, ვერ ვიცავდით ბავშვების სისუფთავეს, არ იყო მოწყობილი ისე, რომ აქ ბავშვებისთვის საჭირო გარემო შეგვექმნა. ყველამ იცის, რომ მე სიბინძურე არასდროს მქონია სახლში. მომაწერინეს ხელი, რომ 18 წლამდე ბავშვებს სახლში ვერ დაიბრუნებ. რამდენჯერ ჩავედით მე და ჩემი მეუღლე სოციალურში, დავწერეთ განცხადება, გვქონდა სერიოზული კამათიც, რომ ბავშვები ჩემთვის დაებრუნებინათ, მაგრამ არავინ ჩვენს მოთხოვნას არ ითვალისწინებს. ახლა ამბობენ, რომ მეუღლემ უნდა იპოვოს სამსახური და მერე ვნახოთო.ჩვენთვის რომ ის თანხა მოეცათ, რასაც მიმღებ ოჯახებს უხდიან, ჩემს შვილებს მე უპრობლემოდ ვაცხოვრებდი და ანრიც ცოცხალი მეყოლებოდა.
მას ძალიან უნდოდა სახლში დაბრუნება.
სულ მეკითხებოდა-დედა, რა ქენი, სოციალურში მოაგვარე საქმე?
კარგ ოჯახში იზრდებოდა და მე ამაზე არაფერი პრეტენზია არ მაქვს. ყოველთვის აძლევდა უფლებას ჩემთან მოსულიყო.
მეუბნებოდა-ანრი შენთან რომ მოდიოდა, ია მეუბნებოდა-თამრო, ნაღვლიანი თვალებით რომ შემომხედავდა, ვიცოდი შენთან წამოსვლა უნდოდაო და არ იცი რა სიხარულით გამორბოდა სახლისკენო”-ჰყვება გარდაცვლილის დედა.
ის თავის შვილთან შეხვედრის ბოლო დღესაც იხსენებს, როცა ანრიმ მას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა: “თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე იყო მოსული. ნახატების რვეულები უნდა წავიღოო. მითხრა, მე როცა გავხდები 18 წლის სამხედრო სამსახურში წავალ, მერე სახლში დავბრუნდები, ჩემი და-ძმებიც აქ იქნებიან და 19 წლისამ ცოლი უნდა მოვიყვანო, ამისთვის მზად იყავიო. მეორე დღეს რა მოხდა არ ვიცი”.
თამარი ამბობს, რომ მისი შვილის გარდაცვალებიდან სოციალური სამსახურის მხრიდან მშობლებთან დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ბავშვები უკვე 20 დღეა მშობლებთან არიან, თუმცა სოციალურმა უკვე მოითხოვა ისინი ისევ მიმღებ ოჯახში დააბრუნდნენ: “ბავშვებს სახლში უნდათ ყოფნა, ჩვენს გვერდით. არ უნდათ უკან დაბრუნება. მათ აქვთ ასეთი დამოკიდებულება, რომ ანრიმ თავი მათ გამო გაწირა, რომ ისინი სახლში ერთად ყოფილიყვნენ ჩვენს გვერდით. ჩემი შუათანა ბიჭი ხატავს ზუსტად იმას, რასაც ანრი ხატავდა. ამ ბოლოს მაჩვენა დაუხატავს ანგელოზი, ეს ჩვენი ძმააო და გალია, რომლის კარიც ღიაა”-ყვება თამარი.
ცნობისთვის: შემზარავი ტრაგედია გურიაში – ლანჩხუთში მაისის თვეში მოხდა. 17 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. ანრი თურმანიძე ჩამომხრჩვალი გამთენიისას ლანჩხუთის რკინიგზის სადგურთან იპოვეს.