,,კომპანია უკვე მსოფლიოს 6 კონტინენტზე, 32 ქვეყნაში გადის ექსპორტზე“- ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ თხილის გადამამუშავებელ კომპანია „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსში” განუცხადეს.
კომპანიის დამფუძნებელი ბაია სალუქვაძე ამბობს, რომ პანდემიამ მათი კომპანიისათვის, მხოლოდ მცირე შეფერხებები გამოიწვია.
,,პანდემიის მიუხედავად თხილი აქტიურად გადიოდა ექსპორტზე, იყო მხოლოდ მცირე შეფერხება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ასე მოხდა. დაგვრჩა გასაყიდი თხილი 2021 წლის დასაწყისამდე, მაგრამ ესეც ამოიყიდა. ამას მოწმობს ისიც, რომ უკვე ბაზარზე თხილი აღარ არის. რაც კი რამე იყო, მთლიანად გავიდა ან ადგილზე გაიყიდა. ჩვენი საწარმო ახლაც მუშაობს, მაგრამ შესყიდვა ვეღარ ხდება, რადგან თხილი აღარ არის“- აცხადებს სალუქვაძე.
მისივე თქმით, პანდემიის პირობებში, კომპანიამ ახალი საექსპორტო ბაზრებიც აითვისა.
,,ევროპის ბაზრები მეტ-ნაკლებად სტაბილურია, გერმანია და იტალია ყოველთვის გამოირჩევა მაღალი მოთხოვნით, ასევე ესპანეთიც. ჩვენს შემთხვევაში პანდემიის მიუხედავად წელს არეალი გავაფართოვეთ. კომპანია უკვე მსოფლიოს 6 კონტინენტზე, 32 ქვეყნაში გადის ექსპორტზე.წელს დაემატა არგენტინაც, სადაც აქამდე თხილის ექსპორტი არ ხდებოდა“ – განაცხადა ბაია სალუქვაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, სამეგრელოში, ხობში მდებარე საწარმო „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი” 2013 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანია წლის განმავლობაში საშუალოდ 2-2,5 ათას ტონა თხილს ამუშავებს. სეზონზე კომპანიაში 80 ადამიანია დასაქმებული, არასეზონზე კი 30.