(ინტერპრესნიუსი) 20 ივნისს დაზარალებული აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას გამართავენ. ერთ-ერთი აქტივისტის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქცია 20 ივნისს, 18:00 საათზე დაიწყება. მას სამოქალაქო მოძრაობის წევრები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან. „2 წლის წინ დაიწყო „ქართული ოცნების“ ჩამოშლის პროცესი, იმიტომ, რომ ინსტიტუტების მიტაცება და რუსული გავლენის ზრდა რაც აწუხებდა მეტ-ნაკლებად ხალხს, 20 ივნისის შემდგომ მუდმივ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. მას შემდეგ რაც მსგავსი კოლაბორაციონისტული აქტი ჩაიდინეს და ოკუპანტს უმასპინძლეს უმაღლეს დონეზე, შემდეგ კი ის ადამიანები დაასახიჩრეს, ვინც ეს ოკუპანტი სრულიად სამართლიანად გააგდო, მას შემდეგ „ქართულ ოცნებას“ არც გამოუძიებია, არც პასუხისგებაში მიუცია ვინმე და ახლა ამნისტიის სახით ცდილობს საბოლოოდ დაიხსნას თავი პასუხისმგებლობისგან. ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, არ ვეგუებით კოლაბორაციონიზმს და არ ვეგუებით ამნისტიას, რომელიც არის ოკუპაციისა და კოლაბორაციონიზმის გაგრძელება, ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ვინც ხართ 20 ივნისის აქტივისტები, ვისაც გსურთ, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა კოლაბორაციონისტებსა და ოკუპანტებს, შევიკრიბოთ რუსთაველზე“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.