გალაკტიონი უცნაური ბავშვი იყო. ერთხელ პატარა პოეტი დედამისს მარტო დაუტოვებია ოთახში და როდესაც მაკრინე ოთახში დაბრუნებულა, დაუნახავს, როგორ კოცნიდა გალაკტიონი ფანჯრის ჭრილში შემოპარულ მზის სხივს. გაკვირვებულ დედამისს ხმამაღლა უთქვამს: “რას შვრები, გატუნია?” გალაკტიონს შერცხვენია და დედის კალთაში ატირებულა. ასეთი უცნაური პიროვნება იყო ის ბავშვობიდან. ამიტომაც დედა წერილებში მუდამ ასე სწერდა: “ჩემო ფიქრებიდან მოუშორებელო, სხვადასხვანაირად სადარდებელო შვილო.” აბესალომს კი სწერს: “შენ გაბარებ გალაკტიონს, ხომ იცი, რა ძნელი მოსავლელია. ხალხში ნუ გაუბრაზდები, მარტო რო იქნება , მაშინ დატუქსე, თორემ მეშინია, რამე არ აუტეხოს თავს.” …