მას მოსდევს, ასევე, ამერიკული კომპანია Amazon. მისი თანამშრომლების რაოდენობა 1,125 300-ია.
გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen ადამიანთა დასაქმების მხრივ მე-3 ადგილზეა. მის ქსელში 664,196 ადამიანი მუშაობს.
შემდეგ მოდის ბრიტანული კომპანია Compass Group, რომელიც კვების სერვისით ოფისებს, ქარხნებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, საავადმყოფოებს, სპორტისა და კულტურის მთავარ დაწესებულებებს, სამთო ბანაკებს, გამოსასწორებელ დაწესებულებებსა და ოფშორულ ნავთობ-პლატფორმებს ემსახურება. კომპანიაში 600 000 ადამიანია დასაქმებული.
540 184 თანამშრომელი ჰყავს გერმანულ Deutsche Post-ს, რომელიც ბონში ბაზირებული საფოსტო კომპანიაა.
ირლანდიური საკონსულტაციო კომპანია Accenture მე-6 ადგილზეა. იქ 506 000 ადამიანი მუშაობს, რომლებიც ბიზნეს-ორგანიზაციებს სტრატეგიული დაგეგმარების, ოპტიმიზაციისა და ორგანიზების სფეროებში კონსულტაციებს სთავაზობენ. კომპანიამ, რომელიც თავიდან ბერმუდებში დარეგისტრირდა, სააქციო საზოგადოების სტატუსი ირლანდიაში 2001 წლის 1-ელ სექტემბერს მიიღო. თუმცა მისი სათაო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. კომპანია კლიენტებს მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ემსახურება.
ირლანდიელებს დასაქმებით ოდნავ ჩამორჩება ამერიკული სუპერმარკეტების ქსელი Kroger, სადაც ზუსტად 500 000 ადამიანი მუშაობს. კომპანია აშშ-ში, Walmart-ის შემდეგ, მეორე საცალო ვაჭრობის ქსელს წარმოადგენს. დაარსდა 1883 წელს, ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატში.
მე-8 ადგილს რუსული ენერგეტიკული კომპანია Gazprom იკავებს. მისი მასშტაბებისა და ფინანსური რესურსების მიუხედავად, კომპანიას სულ 473 800 თანამშრომელი ჰყავს და ათეულში ბოლოდან მე-2 პოზიციას იკავებს.
შემდეგ მოდის ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკი (Agricultural Bank of China- ACGBY), სადაც 464 011 ადამიანი მუშაობს.
ტოპ 10-ეულის ბოლო ადგილზე ბერმუდში რეგისტრირებული ჰოლდინგი Jardine Matheson-ია. Fortune Global 500-ისა და Forbes Global 2000-ის სიაში ის ერთ-ერთი უდიდესი მრავალპროფილური კონგლომერატია, რომელიც 1832 წელს ჰონგ კონგში დაფუძნდა, თუმცა ოფიციალურად დარეგისტრირებულია ბერმუდებზე. კომპანია მისი დამფუძნებლების, უილიამ ჯარდინისა და ჯეიმს მათესონის სახელებს ატარებს. დღეს Jardine Matheson Holdings-ის ძირითად ინტერესს საცალო ვაჭრობის, უძრავი ქონების, მშენებლობის, სასტუმროების, ფინანსური მომსახურების, აგრობიზნესის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროები წარმოადგენს. Jardine Matheson Holdings-ში 464 000 ადამიანია დასაქმებული.
დასაქმებულთა რაოდენობით მსოფლიოში სულ 4971 კომპანია გამოირჩევა, სადაც მთლიანობაში 89 119 083 ადამიანი მუშაობს.
ავტორი: ლადო სულაბერიძე