პირველი ანტივირუსული პროგრამის შემქმნელი, ჯონ მაკაფი ციხეში გარდაცვლილი იპოვეს

(ტაბულა) მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ანტივირუსული პროგრამის, McAfee-ს შემქმნელი, ჯონ მაკაფი 75 წლის ასაკში ბარსელონის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს.

ესპანეთის იუსტიციის სამსახურის ცნობით, 23 ივნისს მაკაფიმ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, ერთი დღით ადრე კი სასამართლომ მისი აშშ-ში ექსტრადაციის გადაწყვეტილება მიიღო.

მაკაფის ბრალად ედებოდა თაღლითურ სქემებში მონაწილეობა, გადასახადების თავიდან არიდება და კრიპტოვალუტის ფულის გათეთრების მიზნით გამოყენება. ის 2020 წელს ესპანეთში აშშ-ის მოთხოვნით დააკავეს.

მაკაფი ბრალდებებს უარყოფდა, მისი თქმით, გამოძიება და საქმის წარმოება პოლიტიკურად იყო მოტივირებული, რადგან მან არაერთი პოლიტიკოსი, კომპანია და ორგანიზაცია ამხილა.

McAfee-ს მსოფლიოს მასშტაბით 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 12.2 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share