ზაფხულის ცხელი დღეებისათვის მოსამზადებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რეკომენდაციებს აქვეყნებს:
“უმეტესობას გვახარებს ზაფხულის მოსვლა და ცხელი ამინდი, თუმცა, როდესაც გიწევს მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა, შენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ზაფხულის ცხელი დღეების დროს დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები დაცული ხართ ე.წ. თბური ტალღების მავნე ზემოქმედებისაგან.
განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003 წელს დაფიქსირებული “თბური ტალღები” ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა. ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე,” – აღნიშნულია NCDC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.