“ქართული ოცნების” დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს “დარჩნენ ისეთები როგორებიც არიან”, ხელი არ მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს და არ აიღონ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები.
“აქამდე მე “ნაციონალურ მოძრაობას” ყოველთვის მოვუწოდებდი, რომ ხელი მოეწერათ 19 აპრილის შეთანხმებაზე გამხდარიყავით ამის ნაწილი, დღეს მე მოგიწოდებთ, არ მოაწეროთ ხელი 19 აპრილის შეთანხმებას, არ აშალოთ კარვები, რომელიც პარლამენტის წინ ჯერ კიდევ არის გაშლილი, დარჩით ზუსტად ისეთები, როგორებიც ხართ, ვინაიდან სწორედ თქვენ ისეთები როგორებიც ხართ აჩვენებს ჩვენ საზოგადოებას როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია”, – მიმართა პაპუაშვილმა ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნიდან.
პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში ოპოზიცია გარდა ენმ-სა აპირებს მხარი დაუჭიროს საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს. მისი აზრით, ენმ არის “პოლარიზაციის, გაყოფის, შუღლის, ღვარძლის მხარეს”, ხოლო “ოცნება” და დანარჩენი ოპოზიცია – დეპოლარიზაციის, გაერთიანებისა და სოლიდარობის.