ჩვენ დღეს აქ ვდგავართ ლექსოსთვის, თავისუფალი სიტყვისთვის, მაგრამ უმეტესად ჩვენ აქ საქართველოსთვის ვდგავართ, იმისთვის, რომ სიტყვას „საქართველო“ შევძინოთ ის აზრი, ძალა, გენი, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია სწორად, რომ დავტვირთოთ ეს სიტყვა იმ წარსულით, რომლითაც გვეამაყება, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის არა გემოვნების, არამედ პოლიტიკური ბრძოლა.
„ქართველი იყო ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც. ქართველი იყო ვაჟა-ფშაველაც, მაგრამ ქართველი იყო ბერიაც. ქართველი იყო ივანე ჯავახიშვილიც, მაგრამ ქართველი იყო ორჯონიკიძეც. ჩვენ ეს არჩევანი ყოველწუთიერად უნდა გავაკეთოთ, რომელი საქართველოს მხარეს ვდგავართ, იმიტომ, რომ ქართველი იყო ის ადამიანიც, რომელმაც უპატაკა მოსკოვს 1921 წელს, რომ თბილისის თავზე წითელი დროშა ტრიალებს; ქართველი იყო ის ადამიანიც, ვინც ჩამოხია აქ ევროკავშირის დროშა, ჩვენი ევროპაზე ორიენტირების დროშა. ჩვენი დასავლური არჩევანის დროშა.
ჩვენ ეს არჩევანი მუდმივად გასაკეთებელი გვაქვს – რომელი საქართველოა ის, რომელსაც ჩვენ ვაძლიერებთ. რომელ ჩვენ წარსულს ვხედავთ მომავალში და რომელს ვაქცევთ ზურგს. ამ არჩევანის გაკეთება თქვენთვის ნათელია, ეს არჩევანი გააკეთა ლექსომაც და გახდა ამ არჩევანის მოწამე და შეეწირა ამ არჩევანს, იმისთვის, რომ ჩემთვის, თქვენთვის და ჩვენი შვილებისთვის მიეცა ის მომავალი, რომელსაც ემსახურებოდა ილიაც, ვაჟაც და რომელსაც ემსახურებოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები.
მე აქ ვდგავარ ლექსოსთვის დ ჩემი სამშობლოსთვის, რათა ხვალინდელი დღე ამ ქვეყანაში არ იყოს რუსული, არ იყოს „პაგრომები“, არ იყოს იმაზე ორიენტირებული, რომ გათელონ ინდივიდი და მასა აღაზევონ. ყოველთვის ეს ბრძოლა რაღაც ფრონტზე მიმდინარეობს. დღეს მინდა იცოდეთ, რომ ეს ბრძოლა მიმდინარეობს მედიასთან. არ გეგონოთ, რომ რეპორტაჟებით გაღიზიანდნენ, ეს არის მეთოდური ბრძოლა. ერთადერთი დარჩენილი სახელმწიფო ინსტიტუტი, ხელისუფლების შტო არის მედია, დანარჩენი ყველაფერი ჩამოშალეს. ერთადერთი, რაც დარჩა, არის მედია და მის ჩამოშლას ცდილობენ. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა და არა გემოვნების. ეს არის ბრძოლა ხელისუფლების ერთადერთი ფუნქციური შტოს ჩამოსაშლელად. ჩვენ აუცილებლად უნდა შევხვდეთ აქ, რუსთაველის გამზირზე, თუ თქვენ საქართველოს და თქვენი შვილების მომავლისთვის გიძგერთ გული. ეს ბრძოლა ჩემი თაობისთვის აქ 30 წელია მიმდინარეობს. მინდა ამ ბრძოლის პათოსი გადმოგაბაროთ და თქვენ დადგეთ აქ ჩვენი სამშობლოს დასაცავად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.