პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია მმართველი გუნდის მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას შიშის გამოხატულებად აფასებს და ამბობს, რომ მის ყოფილ თანაგუნდელებს, ქართულ ოცნებას ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა უჭირს.
გახარიას თქმით, ოცნება ყველაფერს აკეთებს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. მისივე შეფასებით, სახელმწიფო ინტერესები მეორეხარისხოვანია მმართველი გუნდისთვის და წინ მხოლოდ პარტიული ინტერესებია წამოწეული.
“ჩემთვის პერსონალურად ესაა შიშის გამოხატულება, რადგან აშკარა ხდება უკვე, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა და ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების განწყობებში, გადაწყვეტილებებში.
სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი აქ არის ის, რომ მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და აქ დღეებზეა საუბარი სინამდვილეში, აქ არაა რაღაც ფრძელვადიან პერპეტქივებზე საუბარი.
ფაქტობრივად, სახელმწიფო ინტერესები გადატანილია მეორე, მესამე, მეოთხე ფლანგზე. წინ წამოწეულია პარტიული ინტერესები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ახლა ხდება”. – ამბობს გიორგი გახარია.
ჟურნალისტის კითხვაზე, გაბედავდა თუ არა მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ასეთი შეთანხმების გაუქმებას, გიორგი გახარია პასუხობს, რომ – “დღევანდელი მმართველი პარტიის ხელმძღვანელების, “ბოსების” გაბედულობაში მე ყოველთვის მეპარებოდა ეჭვი”.
ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ “კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.
შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან “არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები”, ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს, ვინაიდან სრულად იქნება გადართული თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ის ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატია, თუმცა, მისი “პრინციპული თხოვნით”, ენმ-ს წევრები პარლამენტში “ფორმალურად” დარჩებიან.
რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია პარლამენტში ყოფნას გააგრძელებს. პარლამენტში დარჩება სტრატეგია აღმაშენებელიც.
ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, “რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა”. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.