1920 წლის 6 აპრილს დიმიტრი შევარდნაძის ინიციატივით საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა კრებამ მიიღო დეკრეტი საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსების შესახებ. მხატვარი გიორგი ერისთავი იგონებდა: ,,დიტომ ძალიან ენერგიულად მოჰკიდა ხელი ნაწარმოებებისუმთავრესად ქართული მხატვრობის ნიმუშების შეკრებას. ბევრი ქალაქი და სოფელი მოიარა და მრავალი სურათი შეაგროვა. ზოგ მათგანს საჩუქრად აძლევდნენ, ზოგს ყიდულობდა, ასევე შეკრიბა წიგნები და ბიბლიოთეკა მოაწყო”. მან თავი მოუყარა XIX საუკუნის თბილისური, სპარსული და დასავლური მხატვრობის ბევრ შესანიშნავ ნიმუშს. თანამშრომელთა შტატში სულ რამოდენიმე ადამიანი იყო, არადა გალერეას და მის ფონდს მეთვალყურეობა და დაცვა სჭირდებოდა. მაშინ დიმიტრი შევარდნაძემ დატოვა თავისი ბინა გუნიბის (ახლანდელი ბარნოვის) ქუ|ჩაზე და გალერეის სარდაფში დასახლდა. ყგველაფერს თავისი ხელით აკეთებდა, არავითარ სამუშაოს არ თაკილობდა. ერთ დღეს გალერეაში სტუმრად ჩამოსული რუსი მხატვარი მისულა და დირექტორი უკითხავს, მისი დამხვდური ცოცხიანი კაცი, რომელიც იატაკს გვიდა, სტუმარს დირექტორის კაბინეტში შეუძღვა, მაგიდას მიუჯდა და გაეცნო – შევარდნაძე მე გახლავართო.
ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების შემდეგ საყოველთაო პოლიტიკური ტერორისა და ქაოსის პირობებში დიმიტრი შევარდნაძისათვის ცხადი გახდა, რომ ახალ ხელისუფლებასთან აშკარა კონფროტაცია ეროვნულ ინტერესებს კარგს არაფერს უქადდა. ამიტომ მან, ამ ურთულეს ვითარებაში დაიწყო კომპრომისული გზების ძიება ქართული საქმის საკეთილდღეოდ. იგი ყველანაირად ცდილობდა ქართული კულტურის დაცვას სოციალისტური რეალიზმის მარწუხებისაგან. იყო შემთხვევა როცა მოსკოვიდან მოსული დირექტივის თანახმად ყველა რესპუბლიკის ცენტრალურ მუზეუმებს უნდა შეეძინათ დაბალი ხარისხის მხატვრული ნაწარმოებები, რასაც შევარდნაძე კატეგორიულად წინ აღუდგა. ეს კი შემდგომში მის საწინააღმდეგოდ ერთ-ერთ სამხილად იყო გამოყენებული.