დღეს “გურია ექსპრესის” გაფიცულმა მუშებმა და პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა ოზურგეთში აქცია მსვლელობა გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნები კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან დარღვეული შრომითი ხელშეკრულების აღდგენა და ადამიანურ პირობებში სამუშაოს გაგრძელებაა. აქციის მონაწილეები ოზურგეთის მერსა და გუბერნატორს უმოქმედობასა და პრობლემისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ:
-“დამსაქმებელი საერთოდ არ გამოდის და არ ელაპარაკება დასაქმებულებს, ამიტომ გამოვიდეს მერი, გუბერნატორი, ეს ხომ ხალხის არჩეულია? თბილ კაბინეტებში რომ ზიან, ამ ხალხს მიხედონ” – აცხადებს აქციის მონაწილე, პროფკავშირების წარმომადგენელი.
-“რადგან მერი, გუბერნატორი ვერ გამოდიან და ამ ხალხს პასუხს ვერ სცემენ, ე. ი. მათ ამის უნარი აღარ აქვთ. ეს რას ნიშნავს? თუ უცხოელი ინვესტორი შემოვა და ჩადებს ინვესტიციას, უფლება აქვს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მონებად აქციონ? ჩვენ ამას არ დავუშვებთ, პროფკავშირების გაერთიანება ყველას დავიცავთ, ოზურგეთშიც და ყველგან სადაც შრომის უფლება ირღვევა. “
-“მოტყუებით ხელშეკრულება აქვს ამ ადამიანებს, სადაც წერია ხელფასი, რომელსაც ვერ იღებენ, ან თუ ამ თანხის გამომუშავებას შეძლებენ დღე და ღამე უნდა იმუშაონ ქარხანაში. ჩვენ ამ ადამიანებს დავიცავთ და არ მივცემთ არავის მათი უფლებების შელახვის უფლებას” – აცხადებს პროფკავშირის კიდევ ერთი წარმომადგენელი.
ცნობისთვის: შპს “გურია ექსპრესმა” მოლაპარაკებები შეწყვიტა. კომპანიამ გაფიცვის უკანონოდ ცნობის მიზნით სასამართლოს მიმართა. თავის მხრივ სასამართლოს მიმართავენ გაფიცულებიც. შეგახსენებთ, რომ “გურია ექსპრესის” თანამშრომლები უკვე 33 დღეა დაბალ ანაზღაურებას და არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ.
Your Post is successfully shared withEVERYONE