წინ აგვისტოს სამი კვირაა, ამიტომ სწავლის დაწყება-არდაწყების შესახებ მსჯელობა ჯერ ნაადრევია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, სექტემბრამდე პედაგოგების დიდი ნაწილი ვაქცინირებული უნდა იყოს.
„სექტემბრამდე ჯერ აგვისტოს სამი კვირა გვაქვს წინ. ვფიქრობთ, ამ 3 კვირის მანძილზე შესაძლებელი იქნება განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიური ვაქცინაცია და იმედი გვაქვს, საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში.
დღეს დაიწყო სპეციალურ გამოყოფილ სივრცეებში პედაგოგებისა და სხვა პირებისთვის აცრები რეგისტრაციის გარეშე. ამის შემდეგ, ყველაფერი სხვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარება. ამდენად, დღეს ნაადრევია საუბარი და სამი კვირა დავაკვირდებით სიტუაციას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კითხვაზე, იქნება თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია პედაგოგებისთვის, თამარ გაბუნია პასუხობს, რომ ჯერჯერობით მოქმედებს მოდელი, რომელიც თითოეული ადამიანის არჩევანს ეფუძნება.