5-8 აგვისტოს, თურქეთის ქალაქ სტამბულში ევრაზიის თეატრების ასოციაციის პირველი გაფართოებული სესია გაიმართა, რომელშიც უკვე მსოფლიოს 21 ქვეყანაა გაერთიანებული.
გაფართოებულ სესიაში მონაწილეობა მიიღო ევრაზიის თეატრების ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პრეზიდიუმის წევრმა, ოზურგეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ.
როგორც ბატონმა ვასილმა გვითხრა: ფორუმის ფარგლებში განხილული იყო 12 ძირითადი საკითხი, რომელთა შორისაა თეატრებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობა, გამოცდილებათა გაზიარება, კოპროდუქციების შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და განხორციელება, საზაფხულო სკოლები, ფესტივალების დაგეგვმა და კოორდინაცია.
მომდევნო შეხვედრა მიმდინარე წლის 14 -18 ოქტომბერს შედგება პორტუგალიის ქალაქ ბრაგაში, სადაც კონკრეტულად განხილული იქნება ასოციაციის მიერ განსახორციელებელი გეგმები. მომდევნო წლის მაისში კი მარმარინოსში შედგება საზაფხულო სკოლა, მასტერკლასები და ვორქშოპები ახალგაზრდა მსახიობებისა და რეჟისორებისთვის, რომელშიც მონაწილოებას ვასილ ჩიგოგიძე სათეატრო ხელოვნების სხვა ოსტატებთან ერთად მიიღებს.