კელი და კრამერი: “საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს, ოცნებას ის მოსკოვის ორბიტაზე გადაჰყავს”

„საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს, მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას, ქვეყანა მოსკოვის ორბიტაზე გადაჰყავს“, – აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი საქართველოს შესახებ ერთობლივ წერილს აქვეყნებენ.

Foreignpolicy-ში გამოქვეყნებულ წერილში კელი და კრამერი წერენ, რომ ქართული ოცნება დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს და ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს.

კელი და კრამერი წერენ, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიის გზაზე პროგრესის საუკეთესო მაგალითი იყო, თუმცა მოქმედი მმართველი პარტიის პირობებში ქვეყნის სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირისკენ საფრთხის ქვეშაა.

წერილში საუბარია 2019 წელს რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და მის თანმდევ მოვლენებზეც. იან კელი და დევიდ კრამერი წერენ, რომ გავრილოვის ქვეყანაში ჩამოსვლამ ქუჩის პროტესტსა და არეულობას მისცა დასაბამი.

„ამან დარტყმა მიაყენა ორ პროექტს, რომელიც გაზრდიდა საქართველოს დამოუკიდებლობას რუსეთიდან, ერთი შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტი და მეორე აღმოსავლეთ-დასავლეთის ახალი ბოჭკოვანი კაბელის დერეფანი“, – ნათქვამია წერილში.

 

ამერიკელი ანალიტიკოსები საუბრობენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც და წერენ:

„ანალიტიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ოპოზიციური ძალების მარგინალიზაციას, ძალაუფლების მონოპოლიზაციას და სასამართლო სისტემის კონტროლს”.

ქვეყანაში არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას იან კელი და დევიდ კრამერი ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ ის ნიკა მელიას დაპატიმრებით კიდევ უფრო გააღრმავა.

„აპრილში ევროკავშირი ჩაერია შეთანხმების მიღწევაში, რაც პოლიტიკურ კრიზისს დროებით მაინც ამცირებდა და მელიას გათავისუფლებას იწვევდა. გარდა ამისა, ითხოვდა ამნისტიას „პოლიტპატიმრებისთვის“. შეთანხმება ითვალისწინებდა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, თუკი „ქართული ოცნება“ ვერ მიაღწევდა ხმების 43 პროცენტს მომავალ ადგილობრივ არჩევნებში”, – ნათქვამია წერილში.

ყოფილი ელჩი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი წერილში საუბრობენ 2021 წლის ივლისში განვითარებულ მოვლენებზეც – მათი აზრით, არეულობა და დაპირისპირება ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან დაშვებულმა შეცდომამ განაპირობა. იან კელი და დევიდ კრამერი ამბობენ, რომ პრემიერმა დაპირისპირების დაწყებაში „რადიკალური ოპოზიცია“ დაადანაშაულა.

„ზოგიერთ დემონსტრანტს ჰქონდა კავშირი მოსკოვთან და ისინი წახალისებულნი იყვნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ, რომელიც ინარჩუნებს კავშირს რუსულ ეკლესიასთან.

50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მათ სასტიკად გაუსწორდნენ. პრემიერმა ღარიბაშვილმა დაპირისპირების წამოწყებაში “რადიკალური ოპოზიცია” დაადანაშაულა. მისმა წარუმატებლობამ, თავიდან აეცილებინა და ჩაეხშო ძალადობა ხელი შეუწყო ერთ მხარეს პრაიდისა და ჟურნალისტების, ხოლო მეორე მხარეს კონტრაქციის მონაწილეებს შორის არეულობას.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ღირსების მარში “მიუღებელია ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის” და “ორგანიზებულია რევანშისტული ძალების მიერ, როგორიცაა რადიკალური ოპოზიცია”. მარშის ორგანიზატორები – რომლებიც, ფაქტობრივად, ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ – ღარიბაშვილის აზრით, იყვნენ „არაგონივრული“ და მიდიოდნენ„სამოქალაქო დაპირისპირების“ რისკზე. ჯერჯერობით თავდასხმებისა და ძალადობის ორგანიზატორები არ დაუკავებიათ””, – წერენ ისინი.

იან კელი და დევიდ კრამერი წერენ, რომ ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვისა და მინსკის მსგავსად დაიწყო დასავლური ფასეულობების უარყოფა. ისინი საუბრობენ არაავთენტიკურ ანგარიშებზე, რომლებიც 2019 წელს ფეისბუკმა დაბლოკა – მათი თქმით, ანგარიშები ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ კამპანიას აწარმოებდნენ და ისინი დაკავშირბეულნი იყვნენ ქართულ ოცნებასთან.

იან კელისა და დევიდ კრამერის აზრით, აშშ-მა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას “ამგვარი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე” – კერძოდ, საუბარია მიზნობრივ სანქციებზე.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ და კონგრესმა, რომლებმაც გამოხატეს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსთვის, უნდა მოუწოდონ „ქართულ ოცნებას“ დაუბრუნდეს ევროკავშირის შეთანხმების პირობების შესრულებას. მათ ასევე უნდა მოახდინონ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების საერთაშორისო მონიტორინგი.

ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა დაუწესოს მიზნობრივი სანქციები პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას”, – წერენ იან კელი და დევიდ კრამერი.

წყარო: “ფორმულა”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share