ტერორიზმში ბრალდებული 5 პანკისელის საქმის მასალებში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრიფინგი დევს, რომელიც ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეს ეხებოდა.
2020 წლის 15 ივნისს, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა.
თუ რა კავშირი აქვს აღნიშნულ საქმეს, პანკისელების დაკავებულებთან – ამაზე მედიასთან საქმის პროკურორს არ უსაუბრია. მისი თქმით, კონკრეტულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ის, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს.
სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ დაკავებულებს დანაშაულთან კავშირი არ აქვთ. ისინი სანაცვლოდ 3 000 ლარიან გირაოს შუამდგომლობას დააყენებენ.
24 აგვისტოს დაკავებულ 4 პირს გამოძიება ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირს, მეხუთეს კი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და მის ხელშეწყობას ედავება.
ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. პარალელურად, სუს-მა ოპერატიული მასალა გაავრცელა. ფარული ვიდეო, აუდიო და ფოტო მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დაკავებულები საქართველოს დატოვებას და სირიაში საბრძოლველად წასვლას გეგმავდნენ. ერთგულების ფიციც დადეს და სატელეფონო საუბრებში შენობის აფეთქების დეტალებს განიხილავდნენ. სად აპირებდნენ ტერაქტის მოწყობას – გაურკვეველია.