საქართველოს მთავრობა EU-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ EU-სგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. ის ასევე მიიჩნევს, რომ თუკი ევროკავშირი საქართველოს აღნიშნულ ფინანსურ დახმარებას დაუბლოკავს, ეს „სანქცია“ არ იქნება.
დღეს კი ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მადლიერია ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ საქართველოს აღმოუჩინეს, მათ შორის კოვიდ პანდემიის მართვის დროს, მაგრამ დამატებითი 75 მლნ ევროს სესხის აღების საჭიროება აღარ დგას.
„რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, მე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც 2020 წელს ავიღეთ და 75 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო გრანტი და დახმარება, რომლის თაობაზეც მოგვიანებით, დამატებით კომენტარს გააკეთებს ფინანსთა სამინისტრო.
წელს, იქიდან გმომდინარე, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ჩვენ რა თქმა უნდა, ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ აღმოგვიჩინეს, მათ შორის კოვიდ პანდემიის მართვის დროს და ზოგადად, ყველაფრისთვის რაც მათ გააკეთეს ჩვენთვის. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას. მეორე მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე.
მთავარი არგუმენტაცია, მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება. მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ძალიან კარგი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წინასწარი ინფორმაციით გეტყვით, რომ ივლისის თვის ზრდა იქნება, დაახლოებით , 10%-მდე, რაც 7 თვის განმავლობაში ჯამში იქნება 12,2% ეკონომიკური ზრდა. ეს დამატებით შემოსავალს გააჩენს ბიუჯეტში და ამ ტემპის შენარჩუნებით, მაღალი ალბათობით, წლის ბოლოს გვექნება ორნიშნა ზრდა. ზედმეტი სპეკულაციები აქ არ არის საჭირო. ჩვენი ოპონენტები გადასულები არიან საბოტაჟის რეჟიმზე, რომ როგორღაც შეზღუდონ და შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დასავლეთის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღწეველი და ეს არის მტრული, მავნებლური დამოკიდებულება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამ თემაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„ტრაგედია არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, 9 წლის განმავლობაში რომ იყო პრეზიდენტი, დადის ევროკავშირის სტრუქტურებში და მოგეხსენებათ, ის არის გაწევრიანებული ევროკავშირის სახალხო პარტიაში, EPP-ს ჯგუფში დ ყველა მცდელობა აქვს იმისა, რომ როგორღაც რაღაც სანქციები და შეფერხებები წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით“, – თქვა მან.