განსაკუთრებით თვალში საცემია სიღარიბე ბავშვებში – 26,4%, რაც ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
ბოლო მონაცემებით, სოციალურ შემწეობას 541 764 კაცი და 151 117 ოჯახი იღებს” საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა. ყველა ხელისუფლება იმ დაპირებით მოდიოდა, რომ უპირველესად სიღარიბეს გამოუცხადებდა ბრძოლას, თუმცა ყველა დამარცხდა. ზოგი უბრძოლველად, ზოგიც არასაკმარისი ძალისხმევის გამო.
სიღარიბე კი ისევ მედგრად დგას და ათვლის წერტილად თუ “ოცნების” ხელისუფლებას ავიღებთ, 26-21%-ის ფარგლებში მერყეობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ თითქმის 800 ათასი კაცი ცხოვრობს და დღეში 5-6 ლარს ან ნაკლებს ხარჯავენ.
განსაკუთრებით თვალში საცემია სიღარიბე ბავშვებში – 26,4%, რაც ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ბოლო მონაცემებით, სოციალურ შემწეობას 541 764 კაცი და 151 117 ოჯახი იღებს.
ფაქტობრივად, სახელმწიფო აღიარებს, რომ ყველა გაჭირვებულს არ ეხმარება, რადგან ღატაკი მეტი ჰყავს, ვიდრე სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვია.
სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: – სიღარიბის გამომწვევ მიზეზთაგან სამ ძირითად ფაქტორს გამოვყოფ: პირველი, ეკონომიკური სისტემა, რომელიც არ აძლევს ინდივიდს შესაძლებლობას, თავი დააღწიოს სიღარიბის ხაფანგს და სამეწარმეო თუ ინტელექტუალური ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად გამოიყენოს. არის ასეთი ამერიკული ხუმრობა, ამერიკის ეკონომიკა ვითარდება ღამით, როცა მთავრობას სძინავსო. ამერიკა კლასიკური ლიბერალური სისტემის ქვეყანაა, სადაც თვლიან, რომ ზედმეტი რეგულირება ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. ამიტომ მიმაჩნია, რომ მარეგულირებელი ნორმები მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ თუ სისტემა არ აძლევს პიროვნებას საშუალებას, თავისი ნიჭი და უნარი ბოლომდე გამოავლინოს, ეს სიღარიბის ერთ-ერთი მიზეზი ხდება.
რაც შეეხება მეორე მიზეზს, ალბათ, საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ეს არის ზოგი ადამიანის მენტალიტეტი და ქცევის მოდელი: ზოგი ზარმაცია, ზოგს ინტელექტი არ ჰყოფნის, ზოგი ირაციონალურად იქცევა.
მაგალითად, იცის, რომ არ შეიძლება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და კაპიტალს, რომელიც შეეძლო ბიზნესის განვითარებისთვის გამოეყენებინა, უგუნურად ანიავებს. ამას ვუწოდებ მენტალურ სიღარიბეს, როცა ადამიანი დამოკიდებულია სხვის დახმარებაზე, ხელგაშვერილია და ელოდება ან სახელმწიფოს შემწეობას, ან ნათესავისგან დახმარებას, რჩენასა და პატრონობას და ეს ინფანტილური დამოკიდებულება მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება. ასეთი ადამიანი საკმაოდ ბევრია.
კონკრეტული ციფრიც კი შემიძლია დაგისახელოთ. საქართველოს მაგალითის მიხედვით, ახლანდელ ღარიბთა შორის ეს ფაქტორი, ანუ მენტალური სიღარიბე რომ არ ყოფილიყო, ქვეყანაში 300 ათასით ნაკლები ღარიბი გვეყოლებოდა. ეს ადამიანები არ იბრძვიან, რომ თავისი ცხოვრება უკეთესი გახადონ საკუთარი ძალისხმევით, უნარ-ჩვევებით და ელოდებიან გარე ფაქტორებს, ქველმოქმედებას, დახმარებას თუ სხვ.
სიღარიბის მესამე ფაქტორი გლობალიზაციასა და ინფორმატიკას უკავშირდება. მაგალითად, როცა ტელევიზიით შესაძლებელია რამდენიმე ასეულ არხზე თვალი ადევნო კარგი ცხოვრების ელემენტებს, გიჩნდება უკმარისობის განცდა, რომ შენც მსგავს დონეზე არა ხარ. ეს უფრო მენტალური დისკომფორტია, ვიდრე მატერიალური, მაგრამ ადამიანი თავს დაჩაგრულად, არარეალიზებულად და ღარიბად მიიჩნევს.
სიღარიბე არა მარტო ეკონომიკური, არამედ ისტორიული კატეგორიაა.
ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონში” მოსამართლის შესახებ ამბობენ, ჩვენს სოფელში რომ მოვიდა, ცალ-ცალი კალოში ეცვა და ახლა ტყავის პალტოსა და რეზინის ჩექმებშია გამოჭიმულიო.
გასული საუკუნის 40-იან წლებში ტყავის ქურთუკი ითვლებოდა წარმატების სიმბოლოდ. ყველა ეპოქას ჰქონდა საზომი, რომლითაც კეთილდღეობა განისაზღვრებოდა.
60-იან წლებში იყო ავტომობილი “ვოლგა გაზ-21”,
70-იან წლებში – ვიდეომაგნიტოფონი,
80-იან წლებში – პერსონალური კომპიუტერი,
შემდეგ უკვე მძიმე 90-იანებში წარმატებულად ითვლებოდა ის ოჯახი და შინამეურნეობა, სადაც მუდმივი დენი, გათბობა და ცხელი წყალი იყო…
დღევანდელი სტანდარტებით რომ შევხედოთ, ღარიბია არა მარტო ის, ვინც ცუდად იკვებება, არამედ ისიც, ვისაც არ შეუძლია საკუთარი თავის უზრუნველყოფა კარგი საბინაო პირობებით, მედიკამენტებით, დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და სხვა.
ვრცლად: “კვირის პალიტრა”