საქართველოში COVID -19 ის საწინააღმდეგო აცრების პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს – ამის შესახებ ექიმები საუბრობენ.
მედიკოსები საქართველოში იმუნიზაციის დაწყებიდან დღემდე, პირველად, ვაქცინაციის ტემპებით და პოზიტიური დინამიკით კმაყოფილები არიან.
“რეგულაციების დაცვა არ ხორციელდება ისე, როგორც არის საჭირო. ამ ეტაპზე ახალი შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალია ჯერ კიდევ.
იმუნიზაციის პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. ჩვენ გვჭირდება ყოველდღიურად მინიმუმ 30 000 ვაქცინირებული ადამიანი,” – განაცხადა “ჯო ენის” სახელობის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას თქმით კი, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა რეკომენდაციები სრულად შეასრულონ და ასევე, ვაქცინაცია გაგრძელდეს იმ ტემპით, რა ტემპითაც მიმდინარეობს.
ერთი დოზით უკვე მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი, მოზრდილი მოსახლეობის 14 პროცენტი კი სრულად ვაქცინირებულია. სპეციალისტები მოქალაქეებს არსებული რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის.