იტალიაში, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შესაძლოა სავალდებულო გახდეს. როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი ამბობს, მას შემდეგ რაც ევროპის წამლის სააგენტო [EMA] ვაქცინებს სრულად დაამტკიცებს, ვაქცინაცია იტალიელებისთვის სავალდებულო გახდება.
“ვალდებულება ამოქმედდება მაშინ, როდესაც ვაქცინა ევროპის წამლის სააგენტოსა და ეროვნული მარეგულირებლის მიერ გამოცხადებული იქნება არა როგორც გადაუდებელი გამოყენებისთვის განკუთვნილი, არამედ როგორც ჩვეულებრივი პრეპარატი”, – ამბობს იტალიის პრემიერმინისტრი.
მისივე თქმით, თვის ბოლოდან იგეგმება ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზების გაკეთება რისკჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის.
იტალიაში ვაქცინაცია უკვე სავალდებულოა მედპერსონალისთვის.