მართლაც რომ ღმერთმა გადაგვარჩინა…
გადაგვარჩინა იმიტომ, რომ დმანისის დაპირისპირება, რომლის დროსაც ადამიანების თავებზე ქვების, ხელკეტების, ბეისბოლის ბიტების, უროების და კიდევ ღმერთმა უწყის, რისი წვიმა არ მოდიოდა, მსხვერპლის გარეშე დასრულდა. რა შეიძლება მოჰყოლოდა ერთი ადამიანის სიკვდილსაც კი და როგორი ტრაექტორიით შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები, მგონი ადვილი მისახვედრი, თუმცა რთულად წარმოსადგენია…
არადა ასეთ ვითარებაში ქვეყნის მხოლოდ ღვთისმშობლის წილხვედრობის იმედად დატოვება უკიდურესად საშიშია. ნორმალურ სახელმწიფოში ინციდენტის შემჩნევისთანავე, რომელსაც სერიოზულ კონფლიქტში გადაზრდის საშიშროება ახლდა თან, პრემიერ მინისტრი მყისვე ძალადობის შეწყვეტისკენ მოწოდებას გააკეთებდა და შინაგან საქმეთა მინისტრს ვითარების პირად კონტროლზე აყვანას დაავალებდა. ეს უკანასკნელი კი დაპირისპირების ადგილას შესაბამისი რაოდენობის სამართალდამცავებს დაუყოვნებლივ გააგზავნიდა და სამართალდამრღვევებს დროულად დააკავებდა. მაგრამ ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარად მოხდა: ოცნების ხელისუფლებამ, როგორც ჩვევია, რეაგირება დააგვიანა და შედეგად ქვეყანა კინაღამ ეთნიკურ დაპირისპირებამდე მიიყვანა, რომელიც როგორც ოცნების არა უბრალოდ დეპუტატი, არამედ პოლიტიკური თანამდებობის პირი და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ამბობს, “ორ სახელმწიფოს შორის მეგობრულ გარემოში გადაწყდებოდა”. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები კი იხტიბარს არ იტეხენ და აცხადებენ, რომ ეს უბრალოდ ყოფითი კონფლიქტი იყო: ბიჭებმა ლუდის გამო იჩხუბეს, ბოლოს კი შეარიგეს და ამით ყველაფერი ამოიწურა.
“ყველაფერი რომ თითქოს ამით ამოიწურა” არაფერია, თუ არა თავის მოტყუება.
სინამდვილეში პრობლემა ბევრად ღრმა და კომპლექსურია და ერთ გეოგრაფიულ არეალს თუ ორ ეთნოსს შორის დაპირისპირებას ბევრად სცილდება. რეალურად, ეს არის უმძიმესი სენი, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფოს მთელ სხეულზეა მოდებული. ეს არის სისტემა, რომელშიც უმრავლესობა ჩაგრავს ყველა სახის უმცირესობას, რასაც ხელისუფლება ხელს უწყობს განგებ თუ უნიათობით შექმნილი ძალაუფლების ვაკუუმით, რომელსაც ყოველთვის უფრო ძლიერი ავსებს. და თუ ძალაზეა, ეს ყოველთვის უმრავლესობას შეიძლება არც ნიშნავდეს, ეს პირობითად უმრავლესობა რაღაც კონკრეტულ მოცემულობაში თავად შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდეს ანალოგიური მოპყრობის მსხვერპლი. მუსლიმური სალოცავების გამო ქართველების დაპირსიპირება გურიასა თუ აჭარაში, ქვების ომი პანკისში, ლგბტქი აქტივისტის თავზე აღმართული ტაბურეტკა და დღეს უკვე დმანისში ორი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მხრიდან ერთმანეთისთვის ძალადობრივი მეთოდებით ჭკუის სწავლება – მხოლოდ სიმპტომებია იმ ავადმყოფობისა, რომელმაც შესაძლოა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ინციდენტის შედეგად იფეთქოს. ძალადობის ესკალაციის თავბრუდამხვევი სისწრაფე და მასშტაბები კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ვითარება კულისებს მიღმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში იძაბებოდა, მუხტი იზრდებოდა, ხელისუფლება კი ამ ყველაფერის თავიდან ასაცილებლად არაფერს აკეთებდა.
როდესაც მლოცველებს დაზიანებული გელათის უნიკალური ფრესკების ნარჩენები პიდაპირ თავზე აცვივა, ეს ტრაგიკული დადასტურებაა იმისა თუ როგორ უფრთხილდება ჩვენი მთავრობა ამ უდიდეს კულტურულ, ისტორიულ და რელიგიურ სიწმინდესა და საგანძურს. ამას დღეს უკვე “ინსტიტუციურ ვანდალიზმს” ვუწოდებთ. ხოლო, ის რაც დმანისში მოხდა არის ზუსტად ანალოგიური მოვლენა სხვა განზომილებაში: სახელმწიფოს დისფუნქციურობა, რომელიც არა ინსტიტუციურ, არამედ პირდაპირი გაგებით ჩვენს თანამოქალაქეებს შორის სისხლიან დაპირისპირებასა და ვანდალიზმში გადაიზარდა. და ეს ყველაფერი, გელათის ფრესკების ფრაგმენტებად ცვენის მსგავსად, არის სახელმწიფოს ფუნქციური ჩამოშლის, არაკომპეტენტურობის, უპასუხისმგებლობის, უუნარობის, ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის ეთნო-ნაციონალური თემატიკით საშიშად მანიპულირების, კორუმპირებულობისა და ქვეყნის მომავლის ხედვის არარსებობის შედეგი.
ვინ აღარ გააფრთხილა ხელისუფლება რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფრესკები ნესტსა და დაზიანებას გაუძლებდა, თუმცა უმოქმედობის შემთხვევაში უეჭველად მივიდოდით ამ უნიკალური საგანძურის ნაწილობრივ თუ სრულ განადგურებამდე. დღესაც გაფრთხილებთ! როდესაც დმანისი ორად იყოფა და ადამიანები ერთმანეთს ქვებით, ხელკეტებითა და უროებით სამართალდამცავების თვალწინ უპირისპირდებიან, ეს, გელათის დაზიანებული ფრესკების ჩამოცვენილი ფრაგმენტების მსგავსად ჩვენი დაზიანებული სახელმწიფოს ნაგლეჯებია. მკაფიო სიგნალია იმისა, რომ ინსტიტუციური რღვევის შედეგად სახელმწიფო სხეულის ჩამოშლა უკვე დაწყებულია და უმოქმედობის შემთხვევაში მის ნაწილობრივ თუ სრულ განადგურებამდე მივალთ, რის შედეგადაც უკვე ზიანდება საქართველოს თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეროვნებისა, ეთნიკური წარმომავლობისა თუ რელიგიური კუთვნილებისა.
ასე, რომ მადლობა ღმერთს რომ გადავრჩით და სულ ასე გადასარჩენად რომ არ გვქონდეს საქმე ყური დავუგდოთ ერთი ჩვენი თანამედროვე ღვთისმეტყველი სასულიერო პირის დარიგებას: “ადამიანის მოქმედება განმსაზღვრელია ქრისტიანობაში, ღმერთი ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს, მით უფრო, ჩვენს უგუნურებას არ გამოასწორებს! მოქმედება გულისხმობს პირველ რიგში საკუთარი შეცდომების დანახვას და გამოსწორებას, რაც უპირველესად მიტევებაში გამოიხატება. როცა ადამიანური რესურსით დაალაგებს ადამიანთან ურთიერთობას, მხოლოდ მაშინ გეხმარება ღმერთი და ადამიანსაც მიუტევებს, თან იმ საზომით რაც ჩვენ აღვასრულეთ – როგორც ჩვენ ვიმოქმედეთ მშვიდობის სულის ჩამოსაგდებად”.