“ქართული ოცნების” დეპუტატის, ბექა დავითულიანის თქმით, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილების ჩაგდებაზე საელჩოების პოზიციებს “მნიშვნელობა არ აქვს”. მისი მტკიცებით, წესის ცვლილებაზე ოპოზიციის მხრიდან არსებითი მოთხოვნა არ ყოფილა.
დავითულიანის ასევე ამბობს, რომ მმართველი გუნდი შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტებს მისი “კეთილი ნების” საფუძველზე შეასრულებს.
“ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი კეთილი ნებით შევასრულებთ რიგ პირობებს, რაც წერია და ამ პირობებს ჩვენი კეთილი ნებით ვასრულებთ. ოპოზიციურ პარტიებსაც არსებითი მოთხოვნა გენპროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით არ ჰქონია. თუ საპარლამენტო პარტიები რიგდებიან, რომ ეს არ არის პირველი ხარისხის ცვლილება და ჯობია ისე, როგორც არის, საელჩოების პოზიციას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში”,- თქვა ბექა დავითულიანმა.
ცნობისთვის, გუშინ 7 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, პირველი მოსმენით, მიიღო. განსახილველ საკითხებს შორის უნდა ყოფილიყო გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებაც, თუმცა მმართველი გუნდის ინიციატივით, საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
ცვლილება შარლ მიშელის დოკუმენტში იყო ასახული, მის ჩაგდებას საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები გამოეხმაურნენ. შეერთებული შტატების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გენპროკურორის არჩევის წესის ცვლილების ჩაგდება “მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილი პირობა”, ევროკავშირის ელჩმა კი თქვა, რომ ცვლილებაზე უარი, “ამ ორი თვის განმავლობაში, მესამე წარუმატებლობაა”.