ჰოლანდიური ნაგაზი, სახელად ერთი ბეტა ელოდება ბრძანებას, რომ პირბადეს დაყნოსოს, რათა გაიგოს, მის პატრონს სჭირს თუ არა კორონავირუსი. მაიამის აეროპორტი.
მაიამის აეროპორტის თანამშრომლებს უსაფრთხოების შემოწმების გავლის შემდეგ, ახალი შემოწმების გავლაც მოუწევთ. მათ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები, სახელად კობრა და ერთი ბეტა კოვიდტესტირებას ყნოსვით ჩაუტარებენ.
კობრა, ბელგიური ნაგაზი და ერთი ბეტა, ჰოლანდიური ნაგაზი 7 წლის ძაღლები არიან, რომლებიც Covid-19-ის ყნოსვით დადგენისთვის სპეციალურად გაწვრთნეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ძაღლებს კორონავირუსთან გასამკლავებლად ოფიციალურად იყენებენ.
კობრა და ერთი ბეტა აეროპორტის თანამშრომლების პირბადეებს დაყნოსავენ, რათა მიხვდნენ, აქვს თუ არა მის პატრონს Covid-19. კორონავირუსი ორგანიზმში ისეთ მეტაბოლურ ცვლილებებს იწვევს, რომ ის ინფიცირებულის ოფლისა და ამონასუნთქის სუნს ცვლის, რისი დაფიქსირებაც ამ ძაღლებს შეუძლიათ. თუკი ძაღლი ვირუსის სუნს დააფიქსირებს, პიროვნებას, რომელსაც ძაღლი ყნოსავდა, სწრაფი ტესტის ჩატარებას მოსთხოვენ.
ფლორიდას საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი კენეთ გ. ფურტონის თქმით, მათი უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ ძაღლები ვირუსს 96-99% შემთხვევებში სწორად აფიქსირებენ.
ერთი ბეტას მიერ ვირუსის დაფიქსირების სიზუსტე 98.1%, ხოლო კობრასი კი 99.4% იყო.
ფურტონი და მისი კოლეგები ძაღლებსა და Covid-19-ზე კვლევას გასული წლიდან, პანდემიის დაწყებიდან მალევე შეუდგნენ. მართალია მაიამში ძაღლებს ვირუსის დასადგენად პირველად იყენებენ, თუმცა ამ იდეის გამოცდა ფინეთსა და საუდის არაბეთშიც ჩატარდა.
ძაღლებს ყნოსვით არა მხოლოდ ასაფეთქებლებისა და ნარკოტიკების პოვნა, არამედ პარკინსონის დაავადების, დიაბეტით დაავადებულთა სისხლში შაქრის დონის ცვლილებისა და სიმსივნის ზოგიერთი ტიპის გრძნობაც შეუძლიათ.
თუმცა ძაღლების ამ მიზნით გაწვრთნა დიდ დროსა და ხარჯებს მოითხოვს. ძაღლები ამ წვრთნების დასაწყებად უნდა აკმაყოფილებდნენ სპეციალურ სტანდარტებს. მიუხედავად ამისა, ფურტონის თქმით, ვირუსის ყნოსვით დადგენა ნებისმიერი ჯიშის ძაღლს შეუძლია. მან მაგალითად მოიყვანა ორი მეტისი, რომლებიც მისი უნიივერსიტეტის კვლევებში იღებდნენ მონაწილეობას.
მაიამის აეროპორტში თანამშრომელთა ძაღლების მიერ შემოწმება ორკვირიანი პროგრამის ნაწილია, რომლის შემდეგაც შესაძლოა ცხოველები უფრო რთული საქმის შესასრულებლადაც დააწინაურონ და მგზავრების ტესტირებაც დაიწყონ. პროფესორ ფურტონს სჯერა, რომ ეს მალე მოხდება.
tabula.ge