“ფორმულას” ტელეწამყვანის, თამარ ჩიხლაძის განცხადებით, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ და გავრცელებულ ჩანაწერებში, მასსა და სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს შორის დიალოგი “სიტყვა -სიტყვით არის გაშიფრული”.
“როგორც ჩანს, თვალთვალი მიდიოდა ტრანსგენდერ ადამიანებზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე. პანდემია ახალი დაწყებული, ჩემმა მეგობარმა სასულიერო პირებმა გადაწყვიტეს დახმარება ამ ადამიანების საკვებით და მითხრეს, რომ გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ და იქნებ შენ გქონდეს ინფორმაცია. მე დავუკავშირდი ნატას (ფერაძე) და ვთხოვე, თუ შეეძლო ამის ორგანიზება. ტელეფონზე გვქონდა ძალიან ხანმოკლე დიალოგი. მესენჯერშიც ორი-სამი კითხვით გავცვალეთ ინფორმაცია. მეც და ნატაც ვფიქრობთ, ასე გვახსოვს, რომ დიალოგის ის ნაწილი, რომელიც არის გაშიფრული სიტყვა-სიტყვით, ეს დიალოგი შედგა ნატა ფერაძესთან სახლში, სადაც მე კონკრეტულად ვუყვებოდი ვინ არიან ეს ადამიანები, რატომ გადაწყვიტეს მათი დახმარება, რადგან მასაც ჰქონდა კითხვის ნიშნები, იყო ძალიან გაკვირვებული და მე უნდა დამერწმუნებინა ის, რომ ძალიან სანდო ადამიანები აპირებდნენ ნამდვილად ტრანსგენდერი ადამიანების დახმარებას. შოკისმომგვრელი იყო ამ დიალოგის პოვნა ამ ფაილებში, ეს სისტემური პრობლემაა,” – ამბობს ჩიხლაძე “ფორმულასთან” საუბრისას.