როგორ ცხოვრობენ ბავშვები საქართველოში. ბევრი ციფრი და ფაქტი

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. რამდენიმე ფაქტი და ციფრი იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ბავშვები საქართველოში:

ფოტოზე ამირანია. ის წლის და რვა თვის იყო, მისი დედა რომ იტალიაში წავიდა. უკვე შვიდი წლისაა, დედას კი, მას შემდეგ მხოლოდ ტელეფონის ან კომპიუტერის ეკრანზე ხედავს. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

● საქართველოში 10 ათასზე მეტ მოზარდს სკოლაში არასდროს უვლია.

● 2020 წელს საქართველოს მოსახლეობამ ყველაზე ნაკლები თანხა განათლებაზე დახარჯა

● საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015-2019 წლებში საქართველოდან წასულ ემიგრანტ ქალებს შორის ყველაზე მეტნი 25-29 წლის ქალები არიან. ბევრმა საქართველოში მცირეწლოვანი შვილები დატოვა.

● საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა. ეს მაშინ, როცა თითქმის ერთი წელი პანდემიის გამო სწავლა დისტანციურად მიმდინარეობდა.

● საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი.

● 2020 წელს საქართველოში დამატებით 20 ათასზე მეტი ბავშვიანი ოჯახი გაღარიბდა ისე, რომ სოციალურ შემწეობას ითხოვს. თუკი 2020 წლის იანვარში სოციალურ შემწეობას 152 ათას 353 არასრულწლოვანი იღებდა, 2020 წლის ბოლოსთვის მათი რიცხვი უკვე 186 ათას 131 იყო.

● UNICEF-ის მიერ “მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად”, რომელიც ბოლოს 2017 წელს ჩატარდა, საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში ბავშვთა 6.8 პროცენტი ცხოვრობს. უკიდურეს სიღარიბეა, როდესაც დღეში სამ ლარზე ნაკლებით გიწევს არსებობა.

● საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები არ აქვს.

● ქვეყანაში არსებობს ბავშვთა პანსიონატები, სადაც ბავშვებზე ძალადობენ და სადაც სახელმწიფოს წარმომადგენლებს, მათ შორის სახალხო დამცველს არ უშვებენ. ეს პანსიონატები ეკლესიის პატრონაჟის ქვეშაა.

● საქართველოში ბაღის აღმზრდელთა 44 პროცენტს არა თუ უმაღლესი, არამედ პროფესიული განათლებაც კი არ აქვს სკოლამდელი განათლების დარგში. შესაბამისი განათლება არ აქვს ბაღის დირექტორთა 50 პროცენტსაც.

● საქართველოს მუნიციპა­ლიტეტების 62.5 პროცენტი წლის განმავლობაში თითო სკოლამდელი ასაკის ბავშვზე, რომელიც ბაღში დადის, 10 ლარზე ნაკლებს ხარჯავს. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი, საერთოდაც   მხოლოდ 0.73 ლარი ან 1.11 ლარი იხარჯება. სათამაშოები, რომლებითაც ბავშვები ბაღში თამაშობენ, დიდწილად მშობლებს მიაქვთ, რადგან სათამაშოებისთვის, ხარჯვადი რესურსებისთვის (ფანქრები, ქაღალდი და სხვ.), წიგნებისა და სხვა საგანმანათლებლო მასალისთვის ბიუჯეტი თითქმის არ არსებობს.

● ბავშვების 44 პროცენტს არ აქვს მინიმუმ სამი საბავშვო წიგნი.

● საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების მინიმუმ 131 შემთხვევაა გამოვლენილი. ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ქვემო ქართლში და ასევე მაღალმთიან აჭარაში.

● მთელი ქვეყნის მასშტაბით დაუცველ არასრულწლოვანებთან ჯამში
მხოლოდ 268 სოციალური მუშაკი და 12 ფსიქოლოგი მუშაობს. მაგალითად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სადაც 50 სოფელია და ათასობით სოციალურად დაუცველი ბავშვი ცხოვრობს, ერთადერთი სოციალური მუშაკი ჰყავთ. ამის გამო რისკის ქვეშ დგას არასრულწლოვანების არა მხოლოდ ცალკეული უფლებების დაცვის საკითხი, არამედ, მათი სიცოცხლე. ნინის ისტორია გავიხსენოთ.

● 2020 წელს არასრულწლოვანთა სუიციდის 14, ხოლო სუიციდის მცდელობის 54 შემთხვევა აღირიცხა. პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, სახელმწიფოს ამ დრომდე სუიციდის პრევენციის კონკრეტული სტრატეგია, რასაც წლებია ითხოვს სახალხო დამცველი.

● 2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა გამოვლინდა.

● 2020 წელს 887 არასრულწლოვანი იქნა ცნობილი დაზარალებულად ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე. 2020 წელს ოჯახში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოცემულია 623 შემაკავებელი ორდერი.

● 2020 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური
ძალადობის 254 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება. აქედან 31 ოჯახში ჩადენილი დანაშაული იყო.

● საქართველოში ათასობით ბავშვი შრომობს და ასაკისთვის შეუფერებელ მძიმე სამუშაოს ასრულებს. იმისთვის, რომ სიღარიბეს დააღწიონ თავი, ბავშვები ჩართულები არიან შინა მეურნეობებში, სეზონურ სამუშაოებში, აგროვებენ ჯართს, აშენებენ მაღალსართულიან კორპუსებს, ქუჩაში ყიდიან ნივთებს, ეზიდებიან მძიმე ტვირთს, უვლიან საქონელს, ამუშავებენ მიწას. ეს ბავშვები მოკლებულნი არიან განათლების უფლებას.

● ზუსტად რამდენი ბავშვი ცხოვრობს ქუჩაში, სახელმწიფოს აღრიცხული არ ჰყავს. 2020 წელს „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მომსახურებით 277 არასრულწლოვანმა ისარგებლა. თუმცა, ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა რიცხვი გაცილებით მეტია, ამბობენ სპეციალისტები.

წყარო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: