“მთავარი არხის” ჟურნალისტი ბექა ყორშია, ქარელში, “ქართული ოცნების” შტაბში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგს ეხმაურება და იმ კადრების გამოქვეყნებას ითხოვს, სადაც არხის ოპერატორის, ლევან აბლოთიას შენობიდან გადმოვარდნის მომენტი ჩანს.
ყორშია ამბობს, რომ მდინარაძის მიერ ბრიფინგზე გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი ავთენტურია, თუმცა მასში მთავარი ეპიზოდი ასახული არ არის.
“იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს კადრები, იმიტომ რომ გვეჯაჯგურებოდნენ და ვიყავით გაწევ-გამოწევაში, გაითიშა კამერა თუ არ ვიცი ზუსტად რა მოხდა, კადრი არ გვაქვს, თუ როგორ ვარდება ლევან აბლოთია მოაჯირიდან. მე დარწმუნებული ვარ, იმ მთავრობას, რომელმაც იცის, ვინ რამდენჯერ გადის ტუალეტში ყოველდღიურად და იქაც რომ იღებენ, შანსი არ არის არ ჰქონდეთ ამის კადრები. უბრალოდ არ უნდათ, რომ ეს კადრები გვაჩვენონ. მე ვითხოვ, რომ გვაჩვენონ ლევან აბლოთიას მიწაზე დანარცხების კადრი”, – თქვა ბექა ყორშიამ.
“მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს “ქართული ოცნების” შტაბში ქარელში გუშინ, 16 სექტემბერს თავს დაესხნენ. “მთავარი არხის” ოპერატორი შენობის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ოპერატორს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს ის კლინიკიდან დღეს, 16 სექტემბერს გაწერეს.