რა ჩანს მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში? – კადრები “ბათუმელებმა” გაშიფრა და ამ ინფორმაციით მიხედვით, მესამე პრეზიდენტის მარშრუტი ასეთია:
პირველ ვიდეოში, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ბათუმის შემოსასვლელთან, გოგებაშვილის ქუჩაზე. კადრში საკმაოდ ახლოს ჩანს ბათუმის საბაგირო, თუმცა ამ ვიდეოს შემოვლებული აქვს თეთრი ჩარჩო, სავარაუდოდ ეს არის, ე.წ. აიპადი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკვე გადაღებული კადრები ტელეფონით გადაიღეს და ისე გაავრცელეს.
საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩანს სასტუმრო „ველმონდი“ და მისი მიმდებარე ტერიტორია სანაპიროს მხრიდან.
მეორე ვიდეოს მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, არდაგანის ტბასთანაა.
კადრში ჩანს იუსტიციის სახლი, (ხიმშიაშვილის ქუჩა), ასევე კომპანია „ორბის“ და „ალიანსის“ მშენებარე თაუერები, რუსთაველის და ფიროსმანის ქუჩებზე.
კადრში ჩანს ასევე რომ მიხეილ სააკაშვილი ბათუმის ახალი ბულვარის ერთ-ერთ ალიაში მოძრაობს, ის გადაღებულია ასევე რუსთაველის ქუჩის ბოლოს გამწვანებულ წრიულთან, ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. საპასუხოდ მან მეორე ვიდეოც დადო და მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა.