“ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე…ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია, ვამაყობთ თქვენით”-მიხეილ სააკაშვილი

“ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია, ვამაყობთ თქვენით” – ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა წაუკითხა:

“ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად, ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური, აქედან რამდენიმეში წინ არის ნაციონალური მოძრაობა. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

აღსანიშნავია, რომ დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მონახულება მისმა უფლებადამცველებმა დღეს პირველად შეძლეს. ამ დრომდე ციხის ადმინისტრაციაში ადვოკატებს შეხვედრაზე უარს ეუბნებოდნენ და მიზეზად არასამუშაო დღეებს ასახელებდნენ.

შეგახსენებთ, მრავალწლიანი პოლიტიკური დევნილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა სამშობლოში, მიუხედავად მისი დაპატიმრების მუქარისა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პოლიციამ 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share