რა სიახლეებით დახვდა მთისპირის სკოლა და ბაღი მოსწავლეებს?

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბახვისწყალის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 300 მეტრზე და ოზურგეთიდან 16 კილომეტრის დაცილებით,  მთისპირი მდებარეობს. მთისპირის თემი განთავსებულია თავად მთისპირში, ოქროსქედში, უაკანავასა და ვანისქედში. მთისპირი ერთგვარი ცენტრია თემის, შესაბამისად სწორედ აქ მდებარეობს საჯარო სკოლა, რომელიც ოთხივე სოფლის მოზარდებს ემსახურება და საბავშვო ბაღიც, სადაც 9 ადამიანია დასაქმებული. ბაღში 21 აღსაზრდელია. სკოლაში 100 მოზარდია და 18 პედაგოგი. ბაღსაც და სკოლასაც ერთი სატრანსპორტო საშუალება ჰყავს.

სასწავლო პროცესი მთისპირშიც, ისევე როგორც სრულიად საქართველოში 4 ოქტომბერს განახლდა. აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეებს განახლებული ბიბლიოთეკით და კომპიუტერული ლაბორატოორიით შეხვდა. სკოლის პერიმეტრზე კი,  ვიდეო კამერებიც განთავსდა.

ნანა ჭეიშვილი  – ოზურგეთის რაიონის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

„ძალიან მნიშვნელოვანია ბახვი 1 ჰესის პროეტის მიერ განხორციელებული დახმარება ჩვენთვის. ბიბლიოთეკაში მოძველებული წიგნები გვქონდა. დღეს კი ბევრი ახალი წიგნით ვხვდებით მოსწავლეებს. მოგეხსენებათ თანამედროვე ლიტერატურის როლი მოზარდის განვითარების პროცესში, რა მნიშვნელოვანია. აქ არის როგორც სამეცნიერო, ასევე კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურა. კომპიუტერული ლაბორატორიის სრულად განახლება კი, უდაოდ ყველას გაახარებს სკოლაში. მაშინ, როცა ასე შემოიჭრა ინტერნეტი ჩვენს ყოველდღიურობაში, მოზარდებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი. ბევრ ბავშვს სახლში არ აქვს კომპიუტერი, ამ ლბორატორიაში კი თავისუფლად შეძლებს მოიძიოს საჭირო მასალა, შეასრულოს დავალება. ასე, რომ ღიაა ლაბორატორიის კარები, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე, მასწავლებლებისთვისაც. ჩვენ კი, მხოლოდ კარგი სწავლით შეგვიძლია ვუპასუხოთ ამ საჩუქარს“.

საბავშვო ბაღისთვის ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გუნდმა კი შეიძინა ახალი სათამაშოები, ჭურჭელი და ასევე, ბავშვებისთვის ასე საჭირო და სასურველი ფართოეკრანიანი სმარტ ტელევიზორი.

მაია ჩავლეშვილი  – ოზურგეთის მერის წარმომადგენელი მთისპირის თემში

„ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გუნდის წევრებთან ერთად არაერთი შეხვედრა გავმართეთ მთისპირის თემის ოთხივე სოფელში. გამოიკვეთა ბევრი პრობლემური საკითხი, თუმცა, ამავდროულად სკოლის და ბაღის დირექტორების მიერ წამოიჭრა გადაუდებელი აუცილებლობის თემები, რომელთა გადაწყვეტას ბახვი 1 ჰესის გუნდი დაგვპირდა და სასწავლო წლის დაწყებამდე შეასრულა კიდეც. საბავშვო სკოლაც და ბაღიც მოსწავლეებს წელს განახლებული ინვერნატით დახვდება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალი სათამაშოები და ჭურჭელი ბაღისთვის, ასევე, საგაკვეთილო პროცესში ასე საჭირო ფართოეკრანიანი სმარტ ტელევიზორი. რისთვისაც, დიდი მადლობა ბახვი 1 ჰესის პროექტის მენეჯმენტს“.

დავით მიქელაძე, კომპანია CCEH HYDRO VI-ის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერია და ის ასე განმარტავს კომპანიის ამ აქტივობას:

„პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გუნდი მოსახლეობასთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან შეხვედრების აქტიურ ეტაპზე იმყოფება. შეხვედრების ფარგლებში, ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ საჭიროებები, რათა შემდგომში, სწორად დავგეგმოთ ის სოციალური პროექტები, რომელსაც კომპანია განახორციელებს ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის დამტკიცების შემდგომ ეტაპზე, საპროექტო ტერიტორიასთან შემხებლობაში არსებულ სოფლებში. შეხვედრების ფარგლებში საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვეცნობით და უკვე გვაქვს გარკვეული ხედვა, თუ რა სახის სოციალურ პროექტებს შევთავაზებთ ადგილობრივებს. ჩვენი მიზანია, სოციალური პროექტების პაკეტის განსაზღვრისას აქტიური როლი ჰქონდეს სწორედ მოსახლეობას და ადგილობრივების ჩართულობის ხარისხი იყოს მაღალი.

ინფორმაციის გაცნობის ეტაპზე, უკვე გამოიკვეთა ისეთი საჭიროებებიც, რომლებიც სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.  ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური  პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, ჩამოგვიყალიბდა კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობა მთისპირის მოსახლეობასთან და მათ მიერვე გაჟღერებული საჭიროებების შესწავლის შედეგად, გაგვიჩნდა სურვილი, უკვე დღეიდან მოვაგვაროთ მოზარდების პრობლემები, რაც საგანმანათლებლო სივრცის კეთილმოწყობასა და სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში გამოიხატება. ამ მიმართულებით განხორციელებული დახმარება, პირდაპირ პასუხობს ჩვენი კომპანიის გრძელვადიან და მდგრადი განვითარების მიზნებს, რადგანაც, მიგვაჩნია, რომ სწორედ ხარისხიანი განათლებაა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა“.

სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში ცოცხალ რეჟიმში 4 ოქტომბერს დაიწყო და იმედი გვაქვს, ეს პროცესი არ შეფერხდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share