“საქართველოს პოლიტიკური სისტემა გასაჭირშია, შეწყვიტეთ ერთმანეთის დემონიზება“, – ასე მიმართავენ საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს დასავლელი პარტნიორები. ამერიკის ყოფილი ელჩები საქართველოში ამბობენ, რომ ქვეყანაში არჩევნებისა და ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მის დემოკრატიულ განვითარებასაც ემუქრება და საგარეო პოლიტიკურ იმიჯსაც. ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტიამ” მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკვე უწოდა “არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ – აშკარა პოლიტიკური შურისძიება”.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში იძულებით გადაიყვანეს. ის ამბობს, რომ მოატყუეს და მის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაზეც საუბრობს. გლდანის საპატიმროს მცხოვრებთა გინება და შეურაცხმყოფელი შეძახილები მის გარეთ მყოფებსაც კარგად ესმით. საქმის გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო. ოპოზიციის ლიდერები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა კვირაზე მეტი ხნის წინ დაიწყო ელენე ხოშტარიამაც, კოალიციური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა.
“დასავლელ პარტნიორებს აქვთ იმედი, რომ მთავრობა იპოვის გამოსავალს სააკაშვილთან დაკავშირებით და დასავლეთის აღქმით, ეს არსობრივად, იქნება პოლიტიკური გამოსავალი. რადგან დასავლეთს სჯერა, რომ ის ციხეში მის მიმართ ხელისუფლებაში მყოფთა წინააღმდეგობის გამო ზის,” – უილიამ კორტნი.
ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, დარწმუნდეს, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ მიეწოდება საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში. მისი განმარტებით, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დაიცვას პატიმარი ნებისმიერი ძალადობისგან და უზრუნველყოს როგორც მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ისე – მისი უსაფრთხოება.
ამერიკის ყოფილი ელჩი კი საქართველოში იან კელი ამბობს, რომ სააკაშვილის გადაყვანა ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იმ ფორმით, როგორც ეს მოხდა არათუ სიტუაციის დეესკალაციისკენ იყო მიმართული, როგორც ეს სასურველი იქნებოდა, არამედ პირიქით, ვითარების კიდევ უფრო მეტ ესკალაციას უწყობდა ხელს. მან ამის შესახებ ფონდ “თავისუფალი რუსეთის” სამხრეთ კავკასიის ბიუროსა და “სასაზღვრო ზონის” დირექტორის ეგორ კუროპტევის მედია პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„როგორც ჩანს, მთავრობის მხრიდან არ არსებობს რაიმე მცდელობა სიტუაციის დეესკალაციისა და პირიქით, ყოველდღიური მათი რიტორიკაცა და ქმედებებიც მიუთითებს, რომ ისინი დაძაბულობის გამწვავებას ცდილობენ. ნებისმიერი განცხადების ან გამჭვირვალობის მცდელობის გარეშე სააკაშვილის გადაყვანა არა იმ დაწესებულებაში, სადაც ომბუდსმენი და კონსილიუმის წევრი ექიმები ითხოვდნენ, არამედ სხვა, ციხის დაწესებულებაში, იყო რა თქმა უნდა, ძალიან დიდი უარყოფითი სიმბოლიზმით სავსე, მით უმეტეს 2012 წლის ციხის ცნობილი კადრების შემდეგ. ეს ჩანს, როგორც მისი დამცირების კიდევ ერთი გზა მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა კადრები, სადაც ის თითქოსდა ჭამს, ომბუდსმენის თქმით კი, ის სამედიცინო მინერალებს იღებს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე”, – განმარტავს იან კელი.
ყოფილი ელჩი, რომელიც დიპლომატიურ მისიას ქვეყანაში 2015-2018 წლებში ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ მთავრობის ქმედებები პროვოკაციულია და მის პროდასავლურობასაც ეჭვქვეშ აყენებს.
ამერიკის ხმა