ჩემო ძვირფასო თანამემამულეებo და თანამებრძოლებo, მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ უპრეცენდენტო სოლიდარობისთვის და ჰუმანურობისთვის. მეც კი, რომელსაც ყოველთვის მჯეროდა ჩემი ხალხის, გაოგნებული ვარ ჩემი ერის გვერდში დგომის უნარით და ჰუმანურობით. თქვენ, ვისაც ამდენი პრობლემა გაქვთ ყოველდღიურად, ყველაფერი გვერდზე გადადეთ და მთლიანად დაკავდით ჩემი საკითხით და მსოფლიოში ასეთი რეზონანსი არასდროს არ გამოგიწვევიათ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის.
ამავე დროს, მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემს მიერ უნებლიედ მიყენებული სტრესისთვის, რომელიც მიადგა მთავრობის გულქვაობის პირობებში ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის მუდმივად მასმედიაში გაშუქებას. ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს.
დიდი მადლობა ელენე ხოშტარიას გმირობისთვის, ჩვენს ეროვნულ სიამაყეს პაატა ბურჭულაძესა და ჩვენს ყველა დონის დეპუტატებს სოლიდარობის ნიშნად შიმშილობისთვის. რაც მთავარია, ყველაზე დიდი მადლობა უბრალო და სინამდვილეში, ყველაზე გამორჩეულ და განსაკუთრებულ მოქალაქეებს სიცივეში დგომისთვის, თუ შიმშილობის აქტებისთვის, პეტიციების ხელმოწერებისთვის, თუ სხვა ტიპის მხარდაჭერისთვის.
უზარმაზარი მადლობა მთელს საექიმო თანამეგობრობას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ქართველ ექიმებს, რომლებმაც უმაღლესი პროფესიული წესიერება და კვალიფიკაცია გამოიჩინეს.
მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს გვერდში დგომისთვის და ძალიან დიდი ბოდიში მიყენებული ნერვიულობისთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარდამჭერებს და საერთაშორისო მედიას ჩემი სიცოცხლის უფლების ბრძოლისთვის და რაც მთავარია, ჩემი სამშობლოს ინტერესების დაცვისთვის.
განსაკუთრებული და უზარმაზარი მადლობა ნინო ლომჯარიას და მის არაჩვეულებრივ გუნდს. ასევე, უკრაინის სახალხო დამცველს, განსაკუთრებით კი უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინელ ხალხს.
დიდი მადლობა სახელმწიფო ინსპექტორის ოფისს, ყველა კონსილიუმს და თითოეული კონსილიუმის წევრს, მადლობა ყველას, ყველას, ყველას, თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ სიკვდილს.
პირადი და განსაკუთრებული მადლობა ქართულ თავისუფალ მედიას, დღეისთვის ამ ქვეყნის მომავალზე, ყველაზე გამორჩეულად, თავდადებულად და რაც მთავარია, წარმატებულად მებრძოლ ინსტიტუციას.
მე დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგაზვრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშლობა. მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არცერთი დღით შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას. მე, მიხეილ სააკაშვილი მზად ვარ წარვდსგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამათლოს წინაშე და დავიცვა ჩემი და ჩვენი ისტორიული სიმართლე. მათ შორის, იმ ადმაიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა ან რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს.
მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს, ეროვნული ღირსების, სამართლებრივი ნორმის განუხრელი დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს. მაგრამ ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონო და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ, დავასრულოთ ქვეყნის განთავისუფლდებით. როდესაც გათავისუფლდება ქვეყანა, მეც ვიქნები გარეთ, თქვენთან ერთად ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენების საქმეში, როგორც თანასწორი თანასწპორთა შორის. ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების საქმეში და ქვეყანაში პატიოსანი არჩევნების ჩატარების საქმეში, სიღატაკის და გაჭირვების დაძლევაში, უპერსპექტივობის და უკიმედობის დასრულებაში.
ახლა მოშვების დრო არ არის, ახლა კონსოლიდაციის დროა. არ შევუშინდეთ არც ზამთარს, არც რეჟიმის მუქარას, არ ჩავთვალოთ რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ, მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა. ბოლოს და ბოლოს რას ვითხოვთ ისეთს, რასაც არ ვიმსახურებთ, ვითხოვთ ვცხოვრობდეთ თავისუფალ, არაძალადობრივ ქვეყანაში, გვქონდეს ისეთი შემოსავალი რომ, შევძლოთ უზრუნველად გავზარდოთ ჩვენი შვილები და მივხედოთ ჩვენს მშობლებს, გვქონდეს მომავალი, როგორც პირადად, ასევე მთელ ქვეყანას.
როგორც არასდროს, ისე მჯერა გამარჯვების და როგორც არასდროს, მჯერა რომ ახლა სწორედ გამარჯვების დროა. არცერთი გარიყული ადამიანი, არცერთი დაკარგული წამი, არცერთი ნაბიჯით უკან.