20 ივლისს ელია წინასწარმეტყველის დღე გურულებისათვის დიდი დღესასწაულია.
გურულები ელია წინასწარმეტყველს „ღრუბელთა წინამძღვარს“ ეძახიან. ხალხს მიაჩნია, რომ არც ერთი წვიმის წვეთი ციდან არ ჩამოვარდება ელია წინასწარმეტყველის ნების გარეშე. მათი წარმოდგენით ელია წინასწარმეტყველი ცეცხლოვანი ეტლით დადის ღრუბლებზე, ხოლო მეხის ხმა ამ ცეცხლოვანი ეტლის ბორბლების ხმაურია. ამ დღეს გურულები აღმართავენ ხის ჯვრებს თავიანთი სახლების თავზე, ასევე ბეღელზე, ნალიაზე, ყანაში და ა.შ.
ყანაში და ეზოში დასადგამ ჯვარს ძირითადად აკეთებენ ახალგაზრდა თხემლისაგან, ხოლო სახლზე, ბეღელზე და სხვა ნაგებობებზე ასაღმართი ჯვარი კეთდება ლუკუმპხის ან ბალის ხისგან. ჯვართან ერთად აუცილებლად უნდა დაარჭონ მიწაში ან დაამაგრონ ნაგებობაზე აზალეის (იელი) ტოტის ნაჭერი, რომელსაც „ელი“-ს ეძახიან.
ჯვრის აღმართვა ელია წინასწარმეტყველის დღემდეც შეიძლება, მაგრამ „ელი“ უნდა დაირჭოს მხოლოდ ელიობა დღეს. ჯვრებზე ხშირად ჰკიდებენ შესაბამისი ზომის ქვებს. ჯვრის დადგმით გურულები თვლიან, რომ ბოროტ სულებსა და ავ თვალსაგან (უფრო მეტად კი უკანასკნელისაგან) იცავენ თავიანთ სახლს, დოვლათსა და ყანებს.
გურულებს სჯერათ, რომ თუ კი ჯვარზე ქვას დაკიდებენ მას უფრო დიდი ძალა ექნება, რადგანაც ავი თვალი ვერ დაძლევს ქვის სიმტკიცეს. ხშირად ასევე ჯვარს შემოახვევენ კვირინჩხს ან რომელიმე სხვა ეკლიანი ბუჩქის ტოტებს ავი თვალის საჩხვლეტად და დასაფსებად.
ამ დღეს ვახშმობის წინ აღევლინება ლოცვა, ანთებენ სანთელს და აკმევენ საკმეველს, ლოცვით ევედრებიან ღმერთს და ელია „ღრუბელთა წინამძღვარს“ აშორონ გვალვა და ხანგრძლივი წვიმები. ზოგან გურიაში ასეთ ლოცვას აღავლენენ პირდაპირ ყანაში, სდაც მიიტანენ ხაჭაპურს, ღვინოს და ცვილის სანთლებს.
კავკასიის ადგილთა და ტომების აღწერის მასალათა კრებული – 1893 წელი.
მოამზადა კახა ჩავლეიშვილმა.