„მიხეილ სააკაშვილმა ყველა ის მითი, სტერეოტიპი დაამსხვრია, რაც უკავშირდება მისი მხრიდან შესაძლო თანხის გაფლანგვის ბრალდებას,“ – განაცხადა დღეს, 2 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ: ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლოს დღევანდელი სხდომა დასრულდა. მომდევნო პროცესი 27 დეკემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.
„დღეს პროცესზე პროკურორების ნაცვლად პოლიტიკური პროპაგანდისტები ისხდნენ, ახმოვანებდნენ პოლიტიკურ მესიჯებს, რაც ,,ქართული ოცნების” ნარატივია და რაც სურთ, პროსახელისუფლებო მედიაში გაჟღერდეს. ეს არ იყო პროკურორების სიტყვა, სახელმწიფო ბრალდება, ეს იყვნენ პოლიტიკური შედეგით დაინტერესებული პირები. ეს ერთი.
მეორე, დღეს თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა ყველა ის მითი, სტერეოტიპი დაამსხვრია, რაც უკავშირდებოდა ამ საქმის ფარგლებში თითქოსდა თანხის გაფლანგვას. როცა საუბრობენ ბოტოქსზე, საზღვარგარეთ თანხების გაფლანგვაზე, მკაფიოდ ახსნა, რომ ეს იყო სამკურნალო პროცედურები, დაკავშირებული კონკრეტულ სამედიცინო ჩვენებებთან, ამავდროულად, ეს იყო საერთაშორისო ვიზიტები არაოფიციალურ ფორმატში საიმისოდ, რომ არაღიარების პოლიტიკა ყოფილიყო წარმატებული – განაცხადა ბექა ბასილაიამ.