“არ ვიცი, ვინ უნდა იცინოდეს ამაზე, ღმერთი თუ სატანა – ქოცების ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო თანხების არამიზნობრივად დახარჯვას აბრალებს! 7 პიჯაკი უყიდია, პრეზიდენტი კაჩინსკის კუბოსთან დასადებად თაიგულზეც დახარჯულა, საპატიო სტუმარი უსადილებია და მისი აბანოსთვის საჭირო თანხაც ბიუჯეტიდან გაუღია, და კიდევ სხვა ამგვარი „თავზარდამცემი“ გაფლანგვები.
თავი დავანებოთ ქოცხელისუფლების და მათი მხარდამჭერებისთვის ასტრონომიულ ხელფასებს, მათ სამსართულიან სასახლეებს საცურაო ბასეინებითა, 300 000 ევროდ ღირებული საათების და უკანასკნელი მოდელის ძვირიანი მანქანების კოლექციას, მილიონებით ლარებს, რომელბიც უამრავი შეუსრულებელი პროექტების ტენდერებში რიგდებოდა. გავიხსენოთ მათი სულ უბრალო და უაღრესად „მიზნობრივი“ დანახარჯები.
ღარიბაშვილმა გაპრემიერებისთანავე თავის კაბინეტისთვის ბატუტებიანი (მგონი ასე ჰქვია ქართულად) დივანი იყიდა. ერთ თაიგულზე უფრო ძვირი იყო, მაგრამ დამეთანხმებით, უაღრესად საჭირო საგანია ქვეყნის მართვისთვის, არა?
ღარიბაშვილმავე ამერიკაში თავისი პირველი ვიზიტის დროს 42 თანმხლები, პლიუს მეუღლე გაიყოლია და ყველანი ვაშინგტონის ცენტრში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მოთავსდნენ. ესე იგი, ყოველდღე, მხოლოდ სასტუმროში გადახდილი თანხა მინიმუმ $20,000 იყო. ეხლა ეს გადაამრავლეთ ათზე, თუმცა, მგონი, უფრო მეტ ხანს დარჩნენ და მიიღებთ მოკრძალებულ თანხას – 200,000 დოლარს. ამას დაამატეთ პირველი კლასის რესტორნებში სმა-ჭამა. აბა სადმე პიცარიაში შესვლას ხომ არ იკადრებდა ეს უვიცების ჯოგი! თუ ვინმეს აინტერესებს, შეგიძლიათ შეამოწმოთ. მე ზუსტად მახსოვს ეს ვიზიტიც და მათი იქაური „გულაობაც.“
გადმოვიდეთ აქეთ, უფრო ახლო. თავი-რომ-პრეზიდენტი-ჰგონია იმ დედაკაცმა, მახსოვს, უაღრესად ძვირადღირებული ანტიკვარული ვერცხლის სურები შეიძინა ინოგურაციიდან სულ რამდენიმე დღეში და ამტკიცებდა, ეს აუცილებელი საგნები იყო საპრეზიდენტო აპარტამენტებისთვისო. ახლახან კი ყოველგვარი სახელმწიფო საჭიროების გარეშე ევროპაში გაისეირნა ხან ხატია ბუნიატიშვილის კონცერტზე, ხან რაღაც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად. ამას დაუმატეთ ამ კარტოფილ-ხახვით გაპრეზიდენტებულ მადამ ფრანციცულისთვის ბიუჯეტის ხარჯზე მყოფი სპეციალური საპარიკმახერო, სამაკიაჟო და სხვა მომსახურების რაზმი. პატარა თანხა არ გამოვა, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სრულიად აუცილებელი, რასაკვირველია.
თუმცა, რამდენი ან რა უნდა ჩამოთვალოს კაცმა. მათ ხომ დაანგრიეს და გააჩანაგეს ქვეყანა. სასაცილო და სატირალი ის არის, რომ ქვეყნის ამშენებელს შვიდ პიჯაკს ედავებიან”.
ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია