ათამდე წისქვილკომბინატმა უკვე გააჩერა მუშაობა…1 ტონა ხორბალი 240 დოლარი იყო, დღეს 350 დოლარია

ათამდე წისქვილკომბინატმა უკვე გააჩერა მუშაობა – ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განაცხადა. ამით ის საქართველოში ხორბლის იმპორტის შემცირებას გამოეხმაურა, რაც ძირითადად გამოწვეულია მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში, რუსეთში ხორბლის ექსპორტზე ბაჟის პერმანენტულ ზრდასთან.

ცნობისათვის, 15 დეკემბრიდან რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადი 84.9 დოლარიდან 91 დოლარამდე გაიზრდება. ინფორმაციას რუსული გამოცემები რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავა თქმით, ხორბლის ფქვილის იმპორტით ჩანაცვლებამ, ათამდე წისქვილკომბინატის მუშაობის შეჩერება უკვე გამოიწვია.

,,ფაქტობრივად, ყოველ კვირას იზრდება ბაჟი არა მხოლოდ ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის, ვინც არ არის მათი საბაჟო კავშირის წევრი. სეზონის დასაწყისში ბაჟი 25 დოლარი იყო, ამ კვირის დასაწყისიდან კი 90 დოლარი იქნება. შესაბამისად, სეზონის დასაწყისში შემოტანილი 1 ტონა ხორბალი 240 დოლარი იყო, დღეს 350 დოლარია.

მოგეხსენებათ, ფქვილზე ბაჟი არ მოქმედებს, ნულოვანია. ამან გამოიწვია, რომ ხორბლის იმპორტი შემცირებულია 40%-ით, ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ. გასულ თვეში სულ 35 თასი ტონა ხორბალი შემოვიდა. შედეგად, ათამდე წისქვილკომბინატმა უკვე გააჩერა მუშაობა. ტენდენცია თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, მათ რიგს სხვებიც შეუერთდებიან.

თუ შევხედავთ სარგებლიანობის პრინციპით, რა უფრო სარგებლიანი ქვეყნისთვის – წისქვილკომბინატის მუშაობა, თუ ფქვილის იმპორტი, პასუხი ცალსახაა. ხორბლის გადამუშავება ჩვენთან ღირებულებათა მთელ ჯაჭვს ქმნის – დასაქმება, ქატოს გადამუშავება (თუ წისქვილკომბინატი გაჩერდა, ქატოს იმპორტიც უნდა განხორციელდეს).

ბოლო პერიოდში, სამჯერაა გაზრდილი ქატოს იმპორტიც. აქამდე 90% ადგილობრივი ქატო მიდიოდა მეცხოველეობაში“,- განაცხადა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ ,,მთავარის“ პრესკლუბში.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share