იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი “სრულიად უწყინარ სიტუაციაშიც” კი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ბრეგაძე არ თვლის, რომ მესამე პრეზიდენტს ციხის თანამშრომლები არაადამიანურად მოეპყრნენ და გავრცელებულ კადრებში მხოლოდ იმას ხედავს, რომ “თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს” რათა მესამე პრეზიდენტი “არ დაზიანებულიყო”.
„ნაჩვენებია კადრები, როდესაც აბსოლუტურად მშვიდობიანად, თქვენობითი ფორმით მოუწოდებენ, რომ გადმოვიდეს და დაემორჩილოს კანონიერ მოთხოვნას, ის არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, რომ შესახლებულიყო შესაბამის დაწესებულებაში, ასეთ დროს, მით უმეტეს, როცა უკვე ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს პატიმარი თანამშრომელს, მათ აქვთ მათ შორის სპეცსაშუალებების გამოყენების სრული უფლება, მაგრამ ესეც კი არ ყოფილა გამოყენებული და კარგად დაინახავს ყველა იმ კადრებში, რომ მისი თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს იმისთვის, რომ ის არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეჰყავდათ” განაცხადა ბერგაძემ პარლამენტში.
მას არც დაზიანებული სამედიცინო აპარატურა დავიწყებია, რომელიც მისივე სამინისტროს შეფასებით, 70 ლარის აღმოჩნდა
”რომელ ძალადობრივ “ინვაზიაზეა” საუბარი, როდესაც მან გადააგდო სამედიცინო აპარატურა. ყველამ ნათლად დაინახა, რომ არავინ მასთან ნემსით არ მიახლოებულა და მისი ნების საწინააღმდეგოდ რაიმე სამედიცინო პროცედურის ჩატარება არ დაუწყია. აი ეს არის მთელი ისტორია და იმ კადრებში ასევე ძალიან ნათლად ჩანს, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ის მიზანმიმართულად აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ჩვენს თანამშრომლებს” ამბობს ბრეგაძე.