თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ალასანიას გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან დასრულდა. გამოკითხვის პარალელურად სასამართლოს ეზოში ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული აქცია მიმდინარეობდა.
როგორც მისი უფლებადამცველი, ბექა ბასილაია, მედიასთან განმარტავს, უკანონო მოსმენების საქმეზე გამოძიებას კითხვები მხოლოდ ჩანაწერის შინაარსზე ჰქონდა და არ გამორიცხავს, რომ გენერალურმა პროკურატურამ მესამე პრეზიდენტის ბიძის მიმართ სამართლებრივი დევნაც დაიწყოს.
რაც შეეხება ჩანაწერს, ბასილაია აცხადებს, რომ არაავთენტურია და თავად ის უწყება, რომელმაც ექსპერტიზა ჩაატარა, ნდობას არ იწვევს, ხოლო, ფრაზები სხვადასხვა საუბრიდან არის ამოღებული.
“ეს არის სახელისუფლებო პროპაგანდა, ის, რაც აქ ეზოში ვიხილეთ, დაორგანიზებული აქცია, ეს არის თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებული საქმე, ცდილობენ, რომ ეს საქმე გადაიყვანონ ეროვნულ გრძნობებზე და ა.შ. იმ ფალსიფიცირებული უკანონო ჩანაწერებზე დაყრდნობით. ის არის ფალსიფიცირებული ჩანაწერები. დღეს იყო როგორი ფარსი – გამოძიება დაწყებული აქვთ უკანონო მოსმენაზე და უკანონო ჩანაწერის გავრცელებაზე და ამ დროს, კითხვებს სვამდნენ საუბრის შინაარსის რეალურობაზე, უნდოდათ, დღეს ვინმეს დაედასტურებინა, რომ ეს თურმე რეალური ჩანაწერია. იმისთვის, რომ შემდეგ დაეორგანიზებინათ ხალხი, რომლებიც გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ თემურ ალასანია ქართველ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას. ეს არ არის თემურ ალასანიას საუბარი და ეს არის შეკოწიწებული მისი სხვადასხვა საუბრიდან და ესე შეიძლება ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უკანონოდ გვისმენენ, შეაკოწიწონ და გამოიყვანონ ისეთი შინაარსი, რომ ხალხი აღშფოთდეს“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
თავად თემურ ალასანიას გამოკითხვის შემდეგ კომენტარი აღარ გაუკეთებია. მიზეზი ის დაორგანიზებული აქცია იყო, რომელიც საქალაქო სასამართლოს ეზოში მოაწყვეს და რაიმე სახის ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით, მან თავი აარიდა საქალაქოს ეზოში კომენტარს.
ცნობისთვის, თემურ ალასანია აშშ-ს მოქალაქეა. ის ამბობს, რომ ჩანაწერი, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს არაავთენტურია და თუ გადაწყვეტს, რომ მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით პროცედურები დაიწყოს, ამას გააკეთებს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის.