“სრულიად მიუღებელია, რომ გვისმენთ” – ​ესტონეთმა ღარიბაშვილს დიპლომატების მოსმენებზე გამოძიების ანგარიში მოსთხოვა

ესტონური მედიის ინფორმაციით, ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა პრემიერ ღარიბაშვილს საელჩოს მიყურადებაზე გამოძიების ანგარიში მოსთხოვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 2 ქვეყნის პრემიერის საუბარი თბილ ატმოსფეროში წარიმართა, თუმცა კალასმა ისიც აღნიშნა, რომ განიხილებოდა უფრო რთული თემებიც – “მე ვთქვი, რომ ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ და დაგეხმაროთ, მაგრამ გაგვიადვილეთ. გაატარეთ სასამართლო რეფორმა, ეცადეთ დაძლიოთ განხეთქილება საზოგადოებაში” – თქვა კალასმა.

მისივე თქმით, ისაუბრეს შეჩერებულ რეფორმებზე და შემოდგომაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოში ფარულად უსმენდნენ უცხოეთის ქვეყნების, მათ შორის ესტონეთის, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.

“მე ვთქვი, რომ სრულიად მიუღებელია, რომ გვისმენთ. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, თქვენს ზურგს უკან არაფერს ვამბობთ” – განაცხადა კალასმა.

ესტონეთის პრემიერმინისტრი დაინტერესდა გამოძიების მიმდინარეობით, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც კალასმა აღნიშნა, ღარიბაშვილს კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა.

სექტემბერში, სუს-დან გაჟონილ ათასობით ფაილში აღმოჩნდა, რომ დიპლომატებსაც უსმენენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი ესტონეთის პრემიერმინისტრის მოთხოვნაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share