მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენა დაასრულა, მისი სიტყვა თეა წულუკიანმა შეაფასა.
კულტურის მინისტრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა “თავის ხალხს და ქვეყანას უთხრა ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ქართული ოცნების ხელისუფლება თავს არავის დაუხრის”.
“პრემიერმინისტრმა თავის ხალხს და ქვეყანას უთხრა ის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და რა თქმა უნდა, არ ვიქნებით ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ვინმეს უსამართლოდ თავს დაუხრის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.
ამაში იგულისხმება ის, რომ ჩვენ, მადლიერნი ვართ რა ჩვენი ამომრჩევლის, ვინც მორიგჯერ გამოგვიცხადა ნდობა, ვმართავთ ქვეყანას სწორედ ხალხის ინტერესისთვის, იმ პრობლემების დასაძლევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, მრავლად აწუხებს, დაწყებული ოკუპაციიდან, დასრულებული ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარების საჭიროებებიდან”. – თქვა თეა წულუკიანმა.
ანგარიშის წარდგენის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი “არავის დაუხრის თავს და არც არავის უყურებს ზემოდან – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა”.
პრემიერმინისტრის თქმით, კანონის უზენაესობა უპირველესია, თუმცა, “ქვეყნის შიგნით და გარეთ ზოგიერთი პოლიტიკოსი ამას არ აღიარებს”.